გუშინ საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთ კომპანიაში, საიდანაც, სავარაუდოდ, კორონავირუსზე ცრუ SMS-შეტყობინებები დაიგზავნა, ჩხრეკა ჩატარდა.
დღეს უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა. გამოძიებას საბოტაჟის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.
სუს-ის განცხადების მიხედვით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მოსახლეობასთან დაგზავნა ოფიციალური შეტყობინებები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ, პირთა ჯგუფმა, საქართველოს რიგ მოქალაქეებს, „მთავრობის” და „ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები.
„აღნიშნული ქმედებით, ისინი შეეცადნენ მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ცრუ შეტყობინებების გავრცელებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მყისიერად დაიწყო გამოძიება და დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის და შემდგომში დეზინფორმაციული შინაარსის მქონე შეტყობინებების საქართველოს მოსახლეობაში გაგზავნის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გატარდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
დადგინდა, რომ შეტყობინებების გაგზავნა განხორციელდა კომპანიების SMS OFFICE-ის და ,,ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით. აღნიშნულ კომპანიებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა.
ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – აცხადებენ სუს-ში.