განახლება: შსს-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცია დაკავებული.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.
„კრაბ კოფის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, ქრისტი პირველმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კაფეს დამფუძნებლებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცხელი ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ.
„მეგობრებო, სამწუხაროდ, დღეს „კრაბ კოფი“ არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ“, – დაწერა ქრისტი პირველმა ჯგუფ „დაიტოვეში“.
მოგვიანებით პირველმა Facebook-ზე დაწერა, რომ მას კბილის ღრძილის მოტეხილობა აქვს და იმპლანტი სჭირდება, ასევე აქვს ელენთის დაჟეჟილობა, ხოლო „კრაბ კოფის“ მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას კი ცხვირის მოტეხილობის გამო ოპერაცია სჭირდება.
„რადიო თავისუფლებასთან” ქრისტი პირველი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ 5 მარტს, საღამოს, საპროტესტო აქციაზე წასვლამდე, დიღმის მასივში, სახლთან, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდნენ, რა დროსაც ერთმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ქრისტი პირველის თქმით, უცნობმა პირმა მას მუცელში ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც თავადაც სცემა იგი:
„მაღაზიაში ვიყავით. ვიღაც ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და მეორე მეპატრონეს. წავედი მისკენ, ვის აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას-მეთქი და მაგაზე, გამოქცეულზე წიხლი ჩამარტყა მუცელში. მე კბილის მოტეხილობა მაქვს, მეორე გოგონას აქვს ცხვირის მოტეხილობა. ოპერაცია სჭირდება”, – თქვა მან.
როგორც ქრისტი პირველი ამბობს, პოლიციამ მათ სარჩელის უკან გატანა „ურჩია“, რადგან კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს, საპასუხოდ, ისიც სცემს.
„მე ვცემე საკმაოდ კარგად. ვიდეოკადრები ნახეს. პოლიცია გვეუბნება, რომ შერეული ბრალეულობაა. გვეუბნებიან, რომ სარჩელი უნდა გამოვიტანო. ორივე მხრიდან იყო ძალადობაო, რადგან კადრებში ჩანს, სიტყვიერ შეურაცხყოფას რომ მაყენებს, მერე მე მივდივარ მისკენ და ის კი მირტყამს პირველი, მაგრამ შემდეგ მეც ვცემე… რადგან მე კარგად ვცემე და ალბათ არ დაველოდე, რომ მომკლავდა…”, – ჰყვება ის.
მისივე თქმით, თავდამსხმელმა მათგან გაქცევა მოახერხა.
„ბარბის რომ ჩაარტყა ცხვირში და დავინახე, რომ სისხლი ჰქონდა, გავეკიდე. ხუთი ბიჭი დამეწია და გამაკავეს, რომ ის გამქცეოდა… უნდა ვუჩივლოთ აუცილებლად, კადრებში სახეც ჩანს და, წესით, უნდა იპოვონ“, – ამბობს ქრისტი პირველი.