კრამონი: თუ ამ კანონს მიიღებენ, აღარანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. ამის შესახებ კრამონმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარის შეფასებისას სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„ან უკეთ თუ ვიტყვით: შეუძლებელი იქნება პოზიტიური შეფასების გაკეთება. თუ ეს კანონი გავა, აღარანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. სრული შეჩერება“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რუსულ კანონზე თქვა, რომ ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან.

ელჩის თქმით, „ეს არ არის კარგი კანონი, ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი”.

ჟურნალისტებმა ჰერჩინსკის ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ამ კანონის მიღება გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ჰერჩინსკიმ თქვა, რომ რადგან ეს კანონი არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან, ევროკომისიისთვის იქნება რთული დადებითი შეფასების გაკეთება.