ჰერჩინსკი რუსულ კანონზე: ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რუსულ კანონზე თქვა, რომ ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან.

ელჩის თქმით, „ეს არ არის კარგი კანონი, ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი”.

ჟურნალისტებმა ჰერჩინსკის ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ამ კანონის მიღება გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ჰერჩინსკიმ თქვა, რომ რადგან ეს კანონი არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან, ევროკომისიისთვის იქნება რთული დადებითი შეფასების გაკეთება.

ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მოიძებნება სხვა ისეთი გზა, რომელიც არ გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზებასა და სტიგმატიზებას.

ჰერჩინსკის თქმით, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა.

„ეს კანონი ევროპულ ღირებულებებთან და ნორმებთან შეუთავსებელია და განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ეს კანონი არ არის კარგი, ეს კანონი არ არის ევროპული, ეს კანონი არ არის ამერიკული. მჯერა, რომ მოიძებნება სხვა გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური… ჩვენ არაფერი გვაქვს გამჭვირვალობის საწინააღმდეგო, ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ. ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის საქართველოში”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

 

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.