სამინისტროს ცნობით, აქციიდან საავადმყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-2 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს.

მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.

„1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ტყვიების გამოყენებას უარყოფს.