კრედიტორებმა 10 თვეში 1039 უძრავი ქონება დაისაკუთრეს

პუბლიკა
content image

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება, საიდანაც ყველაზე მეტი – 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის, ხოლო 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ,  აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. 2017 წელს  – 1695, ხოლო 2018-ში –  1395 ქონება გასხვისდა აუქციონის წესით.

ორგანიზაციის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ, ფაქტობრივად, დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხის რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს).

პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისგან მსესხებელი, ძირითადად, მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა. კერძო პირებისგან ჩამორთმეული უძრავი ქონების რაოდენობის კლების მიუხედავად, კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმამდე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების რაოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ უბიძგებს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile