კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გამოსვლას ეხმაურება და მას „უკიდურესად კონფრონტაციულს“ უწოდებს.
პესკოვი ამბობს, რომ მაკრონის სიტყვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ საფრანგეთი ომის გაგრძელებაზე ფიქრობს.
„გამოსვლა უკიდურესად კონფრონტაციულია. ის ძნელად შეიძლება ჩაითვალოს იმ სახელმწიფო მეთაურის მიმართვად, რომელიც მშვიდობაზე ფიქრობს.
მისი ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საფრანგეთი უფრო მეტად ფიქრობს ომის გაგრძელებაზე. [მაკრონის] მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოსვლა შეიცავს უამრავ უზუსტობას დიპლომატიური თვალსაზრისით“, — ამბობს პესკოვი.
პრეზიდენტ მაკრონის გამოსვლას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც.
ლავროვი ამბობს, რომ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენს და მაკრონს ნაპოლეონსა და ჰიტლერს ადარებს.
„მისი წინამორბედებისგან განსხვავებით — ნაპოლეონისგან და ჰიტლერისგან — რომლებიც ასევე ცდილობდნენ რუსეთთან ბრძოლას, ბატონი მაკრონი არც თუ ისე დიპლომატიურად მოქმედებს.
მათ ღიად განაცხადეს: „ჩვენ უნდა დავიპყროთ რუსეთი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი“. და მას [მაკრონს], როგორც ჩანს, იგივე სურს, მაგრამ რატომღაც ამბობს, რომ აუცილებელია რუსეთთან ბრძოლა, რათა მან საფრანგეთი არ დაამარცხოს“, — ამბობს ლავროვი.
ლავროვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო კონტინგენტი ნიშნავს ევროპის ქვეყნების „პირდაპირ ომს“ რუსეთის წინააღმდეგ.
მისი თქმით, მოსკოვი ამ საკითხზე კომპრომისს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალები რუსეთის წინააღმდეგ NATO-ს ძალების ტოლფასია.
—
ემანუელ მაკრონმა 5 მარტს ფრანგ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ახალი ეპოქისთვის, რომელშიც შეძლებს, თავი დაიცვას იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ მის მხარეს არ იქნება.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინელების მხარდაჭერა, „რათა მათ გაწიონ წინააღმდეგობა მანამ, სანამ ისინი შეძლებენ რუსებთან მშვიდობაზე მოლაპარაკებას“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ევროპული ძალების განლაგებაზე უკრაინაში მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და მშვიდობაზე შეთანხმება დაიდება. მაკრონის განცხადებით, ამ ძალებმა არ უნდა იომონ – მათ შემკავებლის როლი უნდა შეასრულონ.