მაკრონი: ევროპის მომავალი აუცილებლად ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 5 მარტს ფრანგ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ახალი ეპოქისთვის, რომელშიც შეძლებს, თავი დაიცვას იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ მის მხარეს არ იქნება.

მისი მიმართვა წინ უძღვის დღეს, 6 მარტს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სპეციალურ სამიტს, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხსა და ევროპის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.

ემანუელ მაკრონმა თქვა:

„ჩვენ ახალ ეპოქაში შევდივართ. უკრაინაში ომი უკვე 3 წელზე მეტია, გრძელდება. ჩვენ პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის სანქცირება.

და ჩვენ სწორად ვიქცევით, იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინელი ხალხის მამაც ბრძოლას თავისუფლებისთვის – ჩვენი უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშაა. თუ ერთ ქვეყანას შეუძლია, ევროპაში მეზობელ სახელმწიფოში დაუსჯელად შეიჭრას, ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, გავრცელდება „უძლიერესის კანონი” და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა აღარ იქნება გარანტირებული. ისტორიამ ეს გვასწავლა.

უკრაინის მიღმა რუსული საფრთხე ევროპის ყველა ქვეყანას ეხება, გვეხება ჩვენ. რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გადაზარდა გლობალურ კონფლიქტში. მან მოახდინა ჩრდილო კორეელი ჯარისკაცებისა და ირანული ტექნიკის მობილიზება ჩვენს კონტინენტზე, პარალელურად კი ამ ქვეყნებს ეხმარება შემდგომ შეიარაღებაში.

პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს, რათა დახოცოს თავისი ოპონენტები და მიმართავს მანიპულაციებს რუმინეთსა და მოლდოვაში. ის აწყობს ციფრული თავდასხმებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა გააჩეროს მათი მუშაობა. რუსეთი ცდილობს, მოახდინოს თქვენი აზრების მანიპულირება სოციალურ ქსელებში ტყუილების გავრცელებით.

და ძირითადად, ის ცდის ჩვენს ლიმიტებს. ის ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაში, კოსმოსსა და ჩვენი ეკრანების მიღმა. როგორც ჩანს, ამ აგრესიას არ აქვს საზღვრები და ამავე დროს, რუსეთი აგრძელებს შეიარაღებას და ამაზე თავისი ბიუჯეტის 40%-ს ხარჯავს.

2030 წლისთვის რუსეთი გეგმავს, თავისი არმია კიდევ 300 ათასი ჯარისკაცით, 3000 ტანკით და 300 საბრძოლო ვერტმფრენით გაზარდოს. ამ ფონზე ვინ დაიჯერებს, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლაც და მომდევნო წლებში რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის. მე ძალიან ვნანობ ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს კონტინენტზე ხანგრძლივად იქნება მშვიდობა რუსეთთან“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინელების მხარდაჭერა, „რათა მათ გაწიონ წინააღმდეგობა მანამ, სანამ ისინი შეძლებენ რუსებთან მშვიდობაზე მოლაპარაკებას“.

ემანუელ მაკრონის თქმით, სწორედ ამიტომ, მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება გულისხმობდეს უკრაინის მიტოვებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა ვერ იქნება როგორც უკრაინის ნგრევა და დანებება, ისე – ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე შეთანხმება, რომელსაც რუსეთი არ დაიცავს.

„პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა, რათა მათ გაწიონ წინააღმდეგობა მანამ, სანამ ისინი შეძლებენ რუსებთან მშვიდობაზე მოლაპარაკებას თავისთვისვე და ყველა ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება გულისხმობდეს უკრაინის მიტოვებას. პირიქით.

მშვიდობა ვერ მიიღწევა ვერანაირ ფასად და რუსეთის დიქტატურის პირობებში. არ შეიძლება, მშვიდობა იყოს უკრაინის კაპიტულაცია. არ შეიძლება, ეს იყოს მისი ნგრევა.

მშვიდობა ასევე არ შეიძლება ნიშნავდეს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ძალიან მყიფეა. რატომ არა? იმიტომ, რომ აქაც წარსულის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და რომ ჩვენ მაშინ მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ.

და ამავე დროს, რუსეთმა არ დაიცვა ეს შეთანხმება. და ჩვენ ვერ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ბალანსი გარანტიების ნაკლებობის გამო. დღეს ჩვენ რუსეთს სიტყვაზე აღარ ვენდობით.

უკრაინას აქვს მშვიდობისა და თავის დაცვის უფლება. ეს ჩვენს ინტერესშია, ეს ევროპის კონტიტენტის უსაფრთხოების ინტერესშია. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ და გერმანელ მეგობრებთან და მრავალ სხვა ევროპულ ქვეყანასთან.

სწორედ ამიტომ მოვიწვიე ისინი პარიზში ბოლო კვირების განმავლობაში და შევხვდი მათ ლონდონში რამდენიმე დღის წინ – რათა მოვახდინოთ იმ ვალდებულებების კონსოლიდაცია, რომლებიც უკრაინას სჭირდება. მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება, ჩვენ უნდა მოვამზადოთ უკრაინა ისე, რომ რუსეთი იქ კიდევ ერთხელ აღარ შეიჭრას. ეს უდავოდ გულისხმობს უკრაინის არმიის გრძელვადიან მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ევროპული ძალების განლაგებაზე უკრაინაში მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და მშვიდობაზე შეთანხმება დაიდება. მაკრონის განცხადებით, ამ ძალებმა არ უნდა იომონ – მათ შემკავებლის როლი უნდა შეასრულონ.

„ეს შესაძლოა, ასევე გულისხმობდეს ევროპული ძალების განლაგებას. არ არის აუცილებელი, ამ ძალებმა დღესვე იბრძოლონ, ისინი არ წავლენ და იბრძოლებენ ფრონტის ხაზზე, მაგრამ ისინი იქნებიან იქ, როცა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს შეთანხმება სრულად იქნება დაცული.

ეს არის გეგმა მტკიცე, გრძელვადიანი და შემოწმებადი მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ უკრაინელებთან და მრავალ სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად.

მინდა, მჯეროდეს, რომ აშშ დარჩება ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ საპირისპირო შემთხვევაშიც.

მიუხედავად იმისა, მიიღწევა თუ არა მშვიდობა უკრაინაში სწრაფად, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ევროპულ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თავის უკეთ დაცვა და ნებისმიერი შემდგომი აგრესიის შეკავება.

დიახ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვჭირდება მეტი აღჭურვა, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ჩვენი თავდაცვის პოზიციები და ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობისთვის, ვიმოქმედოთ, როგორც შემკავებლებმა. ამ მხრივ ჩვენ ვრჩებით NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ერთგული, მაგრამ მეტის გაკეთება გვჭირდება, რათა გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ევროპის მომავალი აუცილებლად ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ, პოლონეთმა, დანიამ, ბალტიის ქვეყნებმა და სხვა ქვეყნებმა განაცხადეს სამხედრო ხარჯების უპრეცედენტოდ გაზრდის შესახებ.

მან ასევე ისაუბრა საფრანგეთის არმიასა და ქვეყნის ბირთვული შეკავების შესაძლებლობებზე.

„ჩვენ გვყავს ყველაზე ეფექტური არმია ევროპაში და, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი წინაპრების მიერ გაკეთებული არჩევანის წყალობით, გვაქვს ბირთვული შეკავების შესაძლებლობები. ეს ჩვენ უფრო მეტად გვიცავს, ვიდრე ბევრ ჩვენს მეზობელს. უფრო მეტიც, ჩვენ არ დავლოდებივართ რუსეთის უკრაინაში შეჭრას იმის გასაცნობიერებლად, რომ მსოფლიო შემაშფოთებელი ადგილია და სამხედრო პროგრამის ორი კანონის მეშვეობით, რომელზე გადაწყვეტილებაც მე მივიღე და რომელსაც პარლამენტებმა მისცეს ხმა, ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტს თითქმის ათი წლის განმავლობაში.

მაგრამ იმ ცვალებადი საფრთხეებისა და მოვლენების ასწრაფების გათვალისწინებით, რაც ახლა აღვწერე, ჩვენ მოგვიწევს ახალი საბიუჯეტო არჩევანის გაკეთება და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, რაც ახლა გახდა აუცილებელი. მე ვთხოვე მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად იმუშაოს ამაზე. ეს ახალი ინვესტიციები მოითხოვს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მობილიზებას გადასახადების გაზრდის გარეშე.

ამას დასჭირდება რეფორმები, არჩევანის გაკეთება და სიმამაცე. ჩვენი ბირთვული შეკავება დაგვიცავს ჩვენ“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.