კრემლი უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების მოყვანას გეგმავს - დიდი ბრიტანეთი

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მათ ნათელი მოჰფინეს რუსეთის გეგმას, შეცვალოს უკრაინის ხელისუფლება პრორუსული მთავრობით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა სამდივნო იმ პირებსაც ასახელებს, ვინც რუსეთთან თანამშრომლობს და კრემლი უკრაინის მომავალ ხელისუფლებად განიხილავს. ეს უკრაინელი პოლიტიკოსები პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წევრები არიან.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრაზე მსჯელობის პარალელურად, გეგმავს კიევში პრორუსული ხელისუფლების დასმას. ამ ხელისუფლების ლიდერად კი უკრაინის რადას ყოფილი წევრის, ევგენი მურაევის კანდიდატურა განიხილება.

ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებთანაც. მათ შორის:

  • სერგეი არბუზოვი – უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე 2012-2014 წლებში და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს;
  • ანდრეი კლუევი – უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე 2010-2012 წლებში და ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  • ვლადიმერ სივკოვიჩი – უკრაინის ეროვნული უსაფრთოხებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
  • მიკოლა აზაროვი – უკრანის პრემიერ-მინისტრი 2010-2014 წლებში.

მათი ნაწილი თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების უშუალოდ იმ ოფიცრებთან, რომლებიც ჩართულები არიან უკრაინაზე თავდასხმის მომზადებაში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა სამდივნოს განცხადებაში.

საგარეო მდივანი ლიზ ტრაუსი კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ ხელთ, ნათელს ჰფენს რუსეთის მოქმედებების მასშტაბს, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ და გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ რას გეგმავს კრემლი.

„რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს, დაასრულოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე იქნება რუსეთის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა და მას მოუწევს მძიმე ფასის გადახდა“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საგარეო ურთიერთობათა სამდივნო კი დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით არის ცალსახა. ისინი განუხრელად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმთან ერთად. უკრაინა კი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა.