კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი BBC-სთან ამბობს, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება მშვიდობისთვის „ალბათ საუკეთესო“ წვლილი იქნება.
კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა კრემლს, როცა აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, პესკოვმა უპასუხა, რომ დეტალები უნდა გადაამოწმონ და თუ დახმარება მართლაც შეჩერდა, ეს მშვიდობისთვის „ალბათ საუკეთესო“ წვლილი იქნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გადავამოწმოთ დეტალები. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება, მართლაც უბიძგოს კიევის რეჟიმს სამშვიდობო პროცესისკენ. თუ აშშ შეაჩერებს [დახმარების] მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობისთვის“, — უთხრა პესკოვმა BBC-ს.
ასევე, პესკოვმა პრესკონფერენციაზე რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, მათ შორის ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოიცავდეს ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას.
„ჩვენი დამოკიდებულება სანქციების მიმართ ცნობილია, ჩვენ მათ უკანონოდ მივიჩნევთ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე, მაშინ უნდა გავთავისუფლდეთ ამ სანქციების ნეგატიური ტვირთისგან“, — თქვა კრემლის სპიკერმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. მედია წერს, რომ ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ. დონალდ ტრამპის ბრძანება ეხება 1 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირება თეთრ სახლში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც Bloomberg-ს კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მისი განცხადებით, შეჩერდება ყველა სახის სამხედრო დახმარება, რომელიც ჯერ არ არის უკრაინაში – მათ შორის, ეს ეხება იმ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.