აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
მედია წერს, რომ ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ.
დონალდ ტრამპის ბრძანება ეხება 1 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და და დონალდ ტრამპის დაპირისპირება თეთრ სახლში.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც Bloomberg-ს კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მისი განცხადებით, შეჩერდება ყველა სახის სამხედრო დახმარება, რომელიც ჯერ არ არის უკრაინაში – მათ შორის, ეს ეხება იმ შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
გუშინ, 3 მარტს დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ დღეს, 4 მარტს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
3 მარტსვე მან თქვა, რომ მისი მხრიდან კიევის მიმართ იმედგაცრუებისა და ფრუსტრაციის მიუხედავად, კვლავ შესაძლებელია აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმების მიღწევა.
პარალელურად, Reuters-ის ცნობით, აშშ მუშაობს რუსეთისთვის სანქციების შერბილების გეგმაზე.
გამოცემა წერს, რომ თეთრმა სახლმა სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებს სთხოვა, შეადგინონ სანქციების სია, რომელიც შეიძლება შემსუბუქდეს და რაც შეიძლება განხილულ იქნას უახლოეს დღეებში რუსეთის წარმომადგენლებთან მოსკოვთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებების ფარგლებში.