„ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს გადაწყვეტილებებ… სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს“, – აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. წულუკიანის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სინათლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
25 მარტს, ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.