„კრიტიკა ფაქტს უნდა ეფუძნებოდეს“ - ოხანაშვილი ოლსონის განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ოლსონის თქმით, მათ აწუხებთ, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა გარკვეულ დემოკრატიულ პროცესებს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, კრიტიკა კონკრეტულ ფაქტსა და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

„ვისურვებდი, რომ დასახელდეს კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი და კონკრეტული ნორმა, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო აქტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება? – თუ ასეთი დასახელდება, შეგვიძლია, შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ზოგადი ფრაზებით დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, ვიდრე პასუხს არ მოვისმენ ჩემს კითხვაზე. როცა რაღაცას აკრიტიკებ, ეს კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

ფაქტი და არგუმენტია საერთაშორისო აქტი და უნდა არსებობდეს საერთაშორისო პრაქტიკა, რომელზე დაყრდნობითაც ვიტყვით, რომ ევროპულ სივრცეში არის საერთაშორისო პრაქტიკა და ამას ეწინააღმდეგება საქართველოში არსებული მოდელი. ამას ვერავინ ამბობს, რადგან კი არ ეწინააღმდეგება, სრულად შეესაბამება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.