„კრიტიკას ვუპასუხე იმით, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი“- მიტროპოლიტი ნიკოლოზი საპატრიარქოს განცხადებაზე

პუბლიკა

„საპატრიარქოს კრიტიკას ვუპასუხე იმით, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომემტარს არ ვაკეთებ“, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას მოეჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო დასუსტებულად გამოუყურებოდა, ვიდრე იქამდე, მათი შეხვედრებისას იყო.

„7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე მე მას [სააკაშვილს]. რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და კიდევ ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს“, – განაცხადა ფაჩუაშვილმა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ვიზიტის შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განხცადებებს მოჰყვა საპატრიარქოს კრიტიკა, ამჯერად მან გააკეთა მხოლოდ საქმე, ყოველგვარი კომენტარების გარეშე.

„წინა ვიზიტს კი არ მოჰყოლია საპატრიარქოს მხრიდან განცხადება, ჩემს კომენტარებს მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება. ამიტომ ახლა მინდა გითხრათ, რომ მე გავაკეთე საქმე, 7-ჯერ ვაცხე ზეთი ყოველგავრი კომენტარების გარეშე. კრიტიკას ვუპასუხე იმით, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომემტარს არ ვაკეთებ“, – თქვა მან.

10 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს გააკრიტიკეს, მის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

„სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით;

ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა“, – განაცხადეს საპატრიარქოში.