ტყის კოდექსის კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთია – ეკლესიაზე იმავე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან, გარკვეული რაოდენობა მიწების – საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია-მონასტრებს, მაგალითად, ნეკრესის მონასტერს აქვს გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლის არათუ გადაცემა ხდება, არამედ არსებული ფორმა, რითაც ეკლესიის გარშემო მიწა არის მისთვის დამტკიცებული, გადაცემის ფორმის იურიდიული მხარე იცვლება. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება და მეორე, ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს. ისეთი ფართობის მიწაზეა საუბარი, რომ შეუძლებელია, ეს იყოს დანაკლისი ვთქვათ, სოფლის მეურნეობის ან საზოგადოებისთვის. აქ კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთადერთია – ეკლესიაზე, იმავე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, რაც არის ჩვენი ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.
კანონში შესული ცვლილებებით, მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, გარემოს დაცვისა სამინისტროს შუამდგომლობით, შესაძლებელია, რომ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.