„კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტი“ - კოალიცია გვარამიას საქმეს აფასებს

პუბლიკა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.

კოალიცია ეყრდნობა და იზიარებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მომზადებულ სასამართლოს მეგობრის პოზიციას, რომელიც განსახილველ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკასა და სტანდარტებს აანალიზებს.

მოსაზრების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს.

კოალიციის თქმით, პრობლემურია სასამართლოს მიერ ე.წ. „ავტომანქანის ეპიზოდის“, როგორც დანაშაულის მიჩნევის, ასევე სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების და ამ სასჯელის პროპორციულობის საკითხიც.

„კერძოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ნაკლებად მძიმე დანაშაულია, რომლისთვისაც კანონმდებლობა უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელებსაც ითვალისწინებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის ზოგადი პრინციპების თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ სასჯელის მიზნები სხვაგვარად ვერ განხორციელდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, კითხვები არსებობს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც.

„როგორც ცნობილია, მოსამართლის ახლო მეგობარი, ზაზა გველესიანი „რუსთავი 2-ის“ მმართველი კომპანიის მოქმედი დირექტორია. შესაბამისად, ჰოლდინგის დირექტორს საქმის შედეგის მიმართ გააჩნდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლე ვალდებულია ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამის მიუხედავად, მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიციის განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლება სარგებლობდეს ნდობით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის დირექტორს ეხება.

„იმ ფონზე, როდესაც წლებია, ქართულ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სისტემური გამოწვევების წინაშე დგას, მართლმსაჯულების პოლიტიზირებისა და პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების მზარდი ტენდენცია საფუძველს აცლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების დაცვისა და ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ინსტიტუციურ მექანიზმებს და კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ საზოგადოებრივ უნდობლობას.

მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც არსებითად ეხება და ზიანს აყენებს არსებულ მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და პოლარიზაციას, ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და უარყოფითად აისახება ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანეს პროცესებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.