კუბილიუსი: ეს იგივე რუსული კანონია, მათ [ოცნებას] არ აქვს წითელი ხაზები

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „მთავარ არხთან” ამბობს, რომ კანონპროექტი, რომლის დაინიცირებაც „ოცნებამ” დაანონსა, იგივე „რუსული კანონია”.

კუბილიუსი „მთავარ არხს” ეუბნება, რომ ამ ნაბიჯით, კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს. კუბილიუსის თქმით, ბრიუსელიდან მოსალოდნელია უარყოფითი რეაქცია.

„ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის  ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ ” – ამბობს კუბილიუსი . 

„ქართული ოცნება” პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ამის შესახებ დღეს, 3 აპრილს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

წლევანდელი კანონპროექტი შარშანდელის იდენტურია, ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.