„ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი პეტიციის შესწავლა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა“, – განაცხადა პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ. კულტურის კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ პეტიციას, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მინისტრმა ხელოვნების მუზეუმთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს დეკემბერში, მინისტრის სააათის ფორმატში უკვე უპასუხა.
„ქალბატონმა მინისტრმა გასული წლის დეკემბერში, მინისტრის საათის ფორმატში სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები გასცა, როგორც შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზემთან დაკავშირებულ, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დასმულ კითხვებს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ასევე მოგვაწოდა მკაფიო პოზიცია კომიტეტის მიერ გაგზავნილ პირველ პეტიციაზე. სადაც დეტალურად არის აღწერილი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ. ჩემი პოზიციაა, რომ პეტიციაში დაკავშირებულ თემებზე შესაძლოა, გამოყენებული იქნას პარლამენტის წევრის შეკითხვა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს რეგლამენტის შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი პეტიციის შესწავლა და თემატურის ჯგუფის შექმნა“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
კომიტეტის სხდომას ესწრობოდა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ წარმომადგენლები.
საინიციატივო ჯგუფის წევრმა, იურისტმა სულხან სალაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მისცემოდა საშუალება, განემარტა, თუ რატომ უნდა შექმნილიყო თემატური მოკვლევის ჯგუფი და როგორ იტყუებოდა მინისტრი. რის გამოც ელისო ბოლქვაძემ მას კორექტულობისკენ მოუწოდა. საინიციატივო ჯგუფს არ მიეცა მოსაზრების არგუმენტირების საშუალება, რის გამოც სულხან სალაძემ უკმაყოფილება გამოხატა.
„ჩვენ არ გვაქვს სხვა ტრიბუნა, ჩვენთვის ყველა კარი ჩაკეტილია ბატონებო. არცერთ საჯარო ინფორმაციის განცხადებაზე პასუხი არ მიგვიღია. ბრძანება, რომლითაც ექსპონატების ევაკუაციის გეგმა დამტკიცდა და 10 სექტემბერს შეიცვალა და აღარავის უნახავს“, – თქვა სალაძემ.
პეტიცია, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, 2021 წლის 15 დეკემბერს შევიდა პარლამენტში. პეტიციაში ნათქვამი იყო, რომ კულტურის სამინისტროს და მუზეუმთა გაერთიანების არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია.
პეტიციაზე ხელის მომწერებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტმა სათანადო ყურადღება მიაქციოს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ მიდინარე პროცესებს და გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის უფლებამოსილება.