სტანდარტების დაცვის გარეშე ექსპონატებს ემუქრება დაზიანება და განადგურებაც კი - ინტერვიუ სალომე ცისკარიშვილთან

ქრისტინე მუჯირი
ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორთან, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თანადამფუძნებელ და საბჭოს წევრ სალომე ცისკარიშვილთან:

როგორია ამჟამინდელი ვითარება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით? რატომ არის პრობლემა, რატომ აპროტესტებს საზოგადოება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – პროფესიონალები, ამ მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს?

დავიწყებ ზოგადით: ნებისმიერი სამუზეუმო კოლექციის შენახვა, მოვლა და გადაადგილება დაკავშირებულია უაღრესად რთულ, ზედმიწევნით ზუსტად შესასრულებელ პროცედურებთან. არსებობს ამის სტანდარტები, წესები, რომლის დაცვაც სავალდებულოა. ყოველივე ამის დაგეგმვასა და შესრულებას სპეციალური ცოდნა, უნარი და გამოცდილება სჭირდება. მაგალითად, მე ამის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა სამუზეუმო საქმის სპეციალისტი ვარ.

ყველასთვის გასაგებად რომ ავხსნა: სტომატოლოგი ზუსტად ასევე ვერ ითავებს გულის გადანერგვის ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ექიმია. ალბათ, ისიც გასაგებია, რომ გულის გადანერგვის ოპერაციის არც დაგეგმვა და არც ჩატარება ისტორიკოსს მით უფრო არ შეუძლია.

ხსენებული წესებისა და სტანდარტების დაცვა იმიტომაა სავალდებულო, რომ სხვაგვარად ექსპონატებს ემუქრება დიდი საფრთხე – დაზიანება და განადგურებაც კი, რაც შეიძლება იყოს როგორც მომენტალური, ასევე ხანგრძლივი, დროში გადადებული, ანუ არასწორი მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანი თანდათანობით, წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესად იქცევა. ასეთი ზიანი არაა უკუქცევადი, ვეღარ გამოსწორდება.

ხელოვნების მუზეუმის შემთხვევაში რამდენიმე საკვანძო ფაქტორის ერთობლიობასთან გვაქვს საქმე.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციების მქონე მუზეუმი, ანუ, ამ მხრივ, ის ჩვენი ეროვნული კულტურული იდენტობის შეუცვლელი კომპონენტია. კულტურული იდენტობა კი განმსაზღვრელია როგორც ერის, ასევე სახელმწიფოსთვის. ზუსტად იგივე ეხება მუზეუმის შენობასაც, რომელიც უბრალოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არაა, არამედ დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო ნაგებობა, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება როგორც, მაღალი არქიტექტურული ფასეულობით, ასევე მნიშვნელოვანი როლით ქალაქის განაშენიანებასა და ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნებაში.

მეტიც, ამ მუზეუმის შენობაც და კოლექციებიც, თუ მათ სწორად მივუდგებით და გამოვიყენებთ, თბილისის სამომავლო განვითარების დიდი, ფასდაუდებელი რესურსია.

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ცხადია, პროფესიონალები შეშფოთებულები ვართ  ამ ურთულესი საკითხისადმი ასეთი მიდგომით, რომელიც სამინისტროს განცხადებებში იკვეთება და რომელშიც არ ჩანს სათანადო დამოკიდებულება მუზეუმის პრობლემების მიმართ.

3 აგვისტოს კულტურის მინისტრი გამოვიდა ახალი განცხადებით, რომლის თანახმად, შენობის რეაბილიტაცია ჩატარდება და განახლებულ მუზეუმში კოლექციებიც დაბრუნდება. მიუხედავად ამისა, აქციები გრძელდება, ხომ არ არის ეს ღია კარის მტვრევა?

მართლაც, 3 აგვისტოს განცხადება გაცილებით უფრო კონკრეტული და დადებითი იყო, ვიდრე მინისტრის უწინდელი განცხადებები, რაც, დარწმუნებული ვარ,  საზოგადოებისა და პროფესიონალების საჯარო აქტიურობის შედეგია.

თუმცა, ნამდვილად არ გვაქვს უფლება, მოვდუნდეთ და ვიფიქროთ, რომ მუზეუმი გადარჩენილია, საქმე გაკეთებულია და პრობლემა მოგვარებული.

როგორც ვთქვი, ხელოვნების მუზეუმის შენობისა და კოლექციების საკითხის სტანდარტების დაცვით მოგვარება მეტად ხანგრძლივი და კომპლექსური, მრავალკომპონენტიანი პროცესია. იმისათვის, რომ ეს პროცესი ყველა ეტაპზე სწორად წარიმართოს, აუცილებელია ორი ფაქტორის უზრუნველყოფა: 1. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ მისი დაგეგმვა და განხორციელება. ამის რესურსი აქვს ეროვნულ მუზეუმს. 2. პროცესის გამჭვირვალობა და ინფორმაციის საჯაროდ განხილვის შესაძლებლობა. პროცესის მუდმივი მონიტორინგი და შუალედური ეტაპების ექსპერტული შეფასებები.

ამის გარეშე არ გვაქვს არანაირი გარანტია იმისა, რომ დღეს ნათქვამს ხვალ ან ზეგ არავინ გადათქვამს.

აუცილებლად ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავ არ იყო ნახსენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხელოვნების მუზეუმი. ეს არც შემთხვევითია და არც წვრილმანი. პირიქითაც კი არის, ჩემი აზრით: ანუ სწორედ აქაა არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების პრობლემის სათავე საძებარი.

რატომ ანიჭებთ ამდენად დიდ მნიშვნელობას ეროვნული მუზეუმის ხსენებას?

უმარტივესი მიზეზით: რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ანუ ხელოვნების მუზეუმის პრობლემებზე, ეს ყველაფერი ეროვნული მუზეუმის საქმეა. როგორც ვთქვი, ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებული მუზეუმის მომავალზე. ვითარების მკაფიოდ წარმოსადგენად, მოდით, ჩამოვთვალოთ ფაქტები.

  1. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქვეყნის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სამუზეუმო გაერთიანება, შეიქმნა 2004 წელს. ხელოვნების მუზეუმი თავიდანვე ამ გაერთიანების ნაწილი გახდა.
  2. ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგომარეობა ამ გაერთიანების შექმნამდე, ათწლეულების განმავლობაში, იყო მძიმე. სხვა, კოლექციებთან დაკავშირებული პრობლემებიც, ასევე ათწლეულებს ითვლიდა.
  3. ხელოვნების მუზეუმის ზემოთ ნახსენები პრობლემების მოგვარებას სჭირდებოდა კვლევა, გეგმებისა და პროექტების შექმნა და სხვადასხვა სპეციალიზაციის, მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის გუნდის ჩამოყალიბება. აქ მხოლოდ ძირითადი დავასახელე. სინამდვილეში, საჭირო რესურსების თავმოყრის კომპლექსური ამოცანა მეტ კომპონენტს მოიცავს.
  4. წინა პუნქტში დასახელებული კომპონენტებიდან თითოეულს მრავალწლიანი, ეტაპობრივი მუშაობა სჭირდება. ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთება შეუძლებელია. მეტიც, შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენთან მთლიანად სამუზეუმო სფერო კრიზისულ მდგომარეობაში რომც არ ყოფილიყო.
  5. შექმნის დროიდან მოყოლებული, ეროვნული მუზეუმი თანმიმდევრულად ამზადებდა ხელოვნების მუზეუმის გადარჩენას და მიაღწია კიდევაც მიზანს: მას აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეგმები, პროექტები და რაც მნიშვნელოვანია – ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების გამოცდილი გუნდი.
  6. ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდის საკითხი საკვანძოა, რადგან სხვა, ალტერნატიული გუნდი ქვეყანაში უბრალოდ არ გვყავს. ამგვარი გუნდის მომზადებას წლები სჭირდება. გუნდი საჭიროა არა მხოლოდ კოლექციების გადასატანად, არამედ მათთვის დროებითი სივრცეების მოსამზადებლადაც.
  7. ხელოვნების მუზეუმის ერთი, აღმოსავლეთის, განყოფილების კოლექციები 2010-2012 წლებში გადაიტანეს გაერთიანების სხვა შენობაში. 5 ათასამდე ექსპონატის სათანადოდ გადატანას გუნდის 2 წლის შრომა დასჭირდა. ამდენად რთული პროცესია. ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების საერთო რაოდენობა 139 ათასამდეა.
  8. შარშან ზაფხულში ეროვნული მუზეუმი უკვე მზად იყო ხელოვნების მუზეუმიდან დანარჩენი კოლექციების ევაკუაციის დასაწყებად. სამინისტრომ ეს არ მოინდომა და პროცესიც არ დაწყებულა.

სიტყვა გამიგრძელდა, თუმცა ვცდილობდი, მხოლოდ ძირითადი დამესახელებინა და ისიც – ძალიან მოკლედ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მაინც გასაგები გახდა, რატომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ეროვნული მუზეუმისა და მის მიერ მომზადებული რესურსების გამოყენების ხსენებას.

ჩემი აზრით, ეროვნული მუზეუმის მდგომარეობა დღეს ძალიან რთულია. ის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაშია და ამ ფონზე ქ-ნი მინისტრი თავის განცხადებებში არც კი ახსენებს გაერთიანებას, თანაც ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს აქამდე არაფერი გაკეთებულა და ახლა თვითონ იწყებს ხელოვნების მუზეუმის გადარჩენის პროცესს. ეს მეტად სამწუხაროა, რადგან საქმე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საკვანძო დაწესებულებას ეხება.

ვფიქრობ, თქვენ მიერ ნათქვამმა კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა…

ეს ბუნებრივია: შეუძლებელია ერთ ინტერვიუში ყველაფრის განმარტება. საზოგადოებამ არც თუ ბევრი იცის ზოგადად მუზეუმებზე, მათ პრობლემებზე, საქმიანობაზე. კიდევ უფრო ცოტა იცის იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მუზეუმები ქვეყნის განვითარებისთვის. ხაზს ვუსვამ: განვითარებისთვის და არა მხოლოდ წარსულის შესახებ მეხსიერების შესანარჩუნებლად.

მიმდინარე ვითარებაზეც და ზოგადად მუზეუმების პოტენციალზეც პროფესიონალებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ. სხვაგვარად ადვილია ქვეყნის განვითარების უდიდესი რესურსის დაკარგვა.

ბოლო დღეებში ხელოვნების მუზეუმის თემა შუქდება ტელევიზიითაც, ფეისბუქშიც იწერება პოსტები, მათ შორის, სასარგებლო ინფორმაციის შემცველიც და არამხოლოდ გამოხმაურება ამ მოვლენებზე. ეს ძალიან კარგია, თუმცა არაა საკმარისი. ბევრი საკითხია, რომელზე ინფორმაციაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, საჭიროა როგორც კონკრეტული ამბების მოყოლა, ასევე ზოგადი პროცესების ანალიზიც.

ისევე, როგორც ხელოვნების მუზეუმის პრობლემის მოგვარება, ესეც ხანგრძლივი პროცესია. იმედი მაქვს, მუზეუმის გადარჩენის სურვილის გამო დაწყებული საინფორმაციო აქტიურობა გაგრძელდება, გაფართოვდება მსჯელობის თემების დიაპაზონი და ეს აუცილებლად მოგვიტანს ყველასთვის სასიკეთო შედეგებს.