კულტურის მინისტრის მოადგილედ ნიკოლოზ აზნაურაშვილი დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ის მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, შეადგენს მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება.

სამუშაო გამოცდილება 

2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო;

2015-2016 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.

2018-2019 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2018-2019 წლებში კი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

2021 წლიდან, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

2022 წლის იანვარში ის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

——————————–

ნიკოლოზ აზნაურაშვილის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება არქეოლოგებისთვის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, უკვე მეორე წელია, არქეოლოგებს, რომლებიც სამუზეუმო სისტემიდან წულუკიანმა პოლიტიკის კრიტიკის შემდეგ გაათავისუფლა, არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვას აძლევს.

არქეოლოგები ამბობენ, რომ სამუზეუმო სისტემიდან გაძევების შემდეგ წულუკიანი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ პროფესიულ საქმიანობაში, რის გამოც ზიანდება არქეოლოგიური ძეგლები და იშლება საერთაშორისო პროექტები.