კულტურის მინისტრობა კი არა, ესაა უკულტურობის მინისტრობა – ვაშაძე წულუკიანს

პუბლიკა

„ეს კულტურის მინისტრობა კი არა, ესაა უკულტურობის მინისტრობა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ“, – ასე მიმართა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს. მას „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში უსმენენ.

მისი თქმით, მართლაც, საოცრებაა, რომ კულტურის სფეროს დღეს წულუკიანი წარმოადგენს, მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით ჟურნალისტებთან ან თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

„თქვენი გამოსვლა, სამწუხაროდ, ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილით ენით, იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს.

ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს? ასე აპირებთ თქვენ კულტურის სფეროში მუშაობის გაგრძელებას?

ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგებლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს თქვენ არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ კულტურის სფეროს იმ წარმომადგენელთა მინისტრი, ვინც თქვენთვის მოსაწონი იქნება და ვინც ტაშს დაგიკრავთ აბსოლუტურად ყველაფერზე?

ეს კულტურის მინისტრობა კი არა, უკულტურობის მინისტრობაა, სიმართლე რომ გითხრათ, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ.

და მართლა საოცრებაა, რომ კულტურის სფეროს დღეს თქვენ წარმოადგენთ საქართველოში, თქვენი დამოკიდებულებით თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. სხვადასხვა ადამიანთან. იმ სიძულვილის ენით, რაც გქონდათ თქვენს გამოსვლაში.

იმიტომ, რომ არავის არაფერი არ დაამახსოვრდება, ქალბატონო თეა, რაც თქვენ ისაუბრეთ, გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენთვის არასასურველი ჯგუფები, ადამიანები, თუ ცალკეული პირები.

ამიტომ, მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ თქვენ კულტურის სფეროს გაძღოლას? ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი საქართველოში?“, – განაცხადა ვაშაძემ.