კულტურის პროფკავშირმა კოლექტიური დავის შესახებ განცხადება მუზეუმში შეიტანა

პუბლიკა

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრებმა, მუზეუმიდან გათავისუფლებულმა და არსებულმა თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლექტიური დავისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ განაცხადი შეიტანეს.

მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება პროფკავშირის წევრები აპირებენ, რომ გაიფიცონ.

„დამსაქმებელს, ეროვნულ მუზეუმს მივაწოდეთ ჩვენი მოლაპარაკების პირობები და ამ მოლაპარაკებებს იწყებენ ამჟამად მუზეუმში დასაქმებულები და მათ შორის პროფკავშირის სახით გათავისუფლებული თანამშრომლებიც. ჩვენი მიზანია, რომ მოლაპარაკებებზე წამოსვლა ვაიძულოთ დამსაქმებელს. ჩვენ ვცადეთ როგორც შიდა მოლაპარაკებები, ასევე მოვითხოვეთ საჯაროდაც, მოვითხოვეთ ტელევიზიებით და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. მოლაპარაკებებზე ისინი არ მოდიან. ახლა ისინი ვალდებულები არიან, რომ ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, რადგან კანონი  ავალდებულებთ“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ წიქარიძემ „ფორმულასთან“.

მათი მოთხოვნებია:

  1. მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად;
  2. გამოფენებისა და საგამოფენო სივრცეებში, ცვლილებების შეტანის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, გამოფენის კონცეფციის ავტორებთან, კურატორებთან, დაცვა აღრიცხვის დეპარტამენტთან, რესტავრატორებთან და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან;
  3. მუზეუმის ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდოს 100 % -ით;
  4. პროფესიულ კავშირთან გაფორმდეს შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  5. დასაქმებულებს მიეწოდოთ რეორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია;
  6. მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი აღდგეს პირვანდელ ან ტოლფას პოზიციებზე;
  7. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებული სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტების წესი მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან;
  8. საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო პროექტების და საქმიანობის მართვის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, ფინანსური სამსახურის, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, წესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევის თავისუფლებისა და კვლევით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს.