„თუ ვერ შევთანხმდებით, გავიფიცებით“ – მეცნიერთა პროფკავშირი მუზეუმთან დავას იწყებს

ლიკა ზაკაშვილი

„საბედისწერო დღე დაგვიდგა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში. ქართული კულტურული მემკვიდრეობა და მუზეუმის სფეროს არქეოლოგია საფრთხის ქვეშ არის. მიუხედავად ამ ამოვარდნილი ქარიშხლისა, ჩვენ მშვიდად ვართ. ცივი და მშვიდი გონებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ძალა სიმართლეშია. იმდენად მართლები ვართ, რომ იმის იქით აღარ შეიძლება. ჩვენი ძალა დაუმორჩილებლობაშია ამ ბოროტებასთან, რასაც ხედავთ. ჩვენ არავის ვებრძვით, აქეთ გვებრძვიან ჩვენ. ჩვენ ვიბრძვით პროგრესისთვის, რადგან მეცნიერება ერთადერთი გზაა, რომ გაიხსნას ცოდნის ახალი კონტინენტები.

ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და ვიღაცები იბრძვიან კონტროლისა და ძალაუფლებისთვის. იბრძვიან დამორჩილებისთვის და ასეც გვითხრეს, რომ არ გვემორჩილებით და იმიტომ გაგიშვითო. დღეს არ არის იმის დრო, რომ ვიღაცამ დაიწყოს და უკან გადადგას ნაბიჯი. ყველა, ვინც უკან გადადგამს ნაბიჯს, ის იქნება იმ მხარეს, რომელიც უსამართლოა. მეცნიერება არ იმართება სპეცსამსახურის მეთოდებით. ჩვენ არ გავჩერდებით. 14 წელი ვისწავლე და ახლა გვეუბნებიან, რომ წავიდეთ სფეროდან. არ წავალ არსად, გადაგვიარონ. ჩვენ უკან არ დავიხევთ. დაშინება იქნება. ყველასთან მოვლენ, 300-ლარიან ხელფასებზე დაგაშინებენ. უარესი იქნება, თუ ახლა დავთმობთ.

ეს არის უკანასკნელი ბასტიონი, თუ დავმარცხდით, ახლა მორჩება ყველაფერი, არანაირი მეცნიერება აღარ იქნება.“ – ასე მიმართა მეცნიერების პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ 3 ივნისს სიმონ ჯანაშიას მუზეუმის წინ გამართული აქციის მონაწილეებს. აქციაზე მისული ადამიანები თეა წულუკიანის მიერ სამუზეუმო პოლიტიკაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ.

 

პროფკავშირები ბრძოლას ორი მიმართულებით გეგმავს – გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ და პროფკავშირულ დავას დაიწყებენ  მუზეუმის ადმინისტრაციასთან.

„პუბლიკამ“ ნიკოლოზ წიქარიძეს ჰკითხა, როგორია მათი ბრძოლის სტრატეგია ამ ნაწილში და, კონკრეტულად, რა მოთხოვნებს წაუყენებენ მუზეუმის ადმინისტრაციას.

  • მუზეუმთან გამართულ აქციაზე ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნები. ახსენეთ კოლექტიური ხელშეკრულება, ასევე – გაფიცვის შესაძლებლობა. ქრონოლოგიურად რის შემდეგ რას გეგმავთ, რომ გვითხრათ

პირველ რიგში სასამართლოში მიგვაქვს გათავისუფლებულთა საქმეების სარჩელები, მაგრამ პარალელურად ვიწყებთ დამსაქმებელთან კოლექტიურ დავას – არა სასამართლო, არამედ პროფკავშირულს. ახლა იურიდიულად ვმართავთ ჩვენს მოთხოვნებს და ხვალ ვაპირებთ, შევიტანოთ ისინი ეროვნულ მუზეუმში, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი. მედიაციის პროცესს, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე, 21 სამუშაო დღე სჭირდება. თუ ვერ მივალთ შეთანხმებამდე, გავიფიცებით.

  • ხვალ ამ წერილს მუზეუმის მოქმედი თანამშრომლების სახელით შეიტანთ?

დიახ, რეალურად მოქმედი თანამშრომლები იწყებენ ამ დავას. დავას ამ მომენტისათვის დასაქმებულები დაიწყებენ დამსაქმებელთან,პროფკავშირის სახელით. შესაბამისად, მე, როგორც თავმჯდომარეს და გამგეობის წევრებს მოლაპარაკებებში ჩართვის უფლებამოსილება გვექნება.

  • ამ დროისთვის გყავთ პროფკავშირში მოქმედი თანამშრომლების ის რაოდენობა, რომელიც დამსაქმებელთან პროფკავშირული დავის დასაწყებად საკმარისია?

ჩვენს პროფესიულ კავშირში ახლა არის, დაახლოებით, 200-მდე წევრი და მათგან დაახლოებით 130 ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელია. შესაბამისად, სავსებით საკმარისი რაოდენობაა საიმისოდ, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ. ჩვენ მოვითხოვთ ეროვნული მუზეუმის სისტემიდან გათავისუფლებული 65 ადამიანის აღდგენას და მხოლოდ სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან გათავისუფლებულებზე არ ვსაუბრობთ.

  • თუ მედიაცია 21 დღეში არ შედგა და გაფიცვა დადგა დღის წესრიგში?

ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. დეტალებს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. თუ მუზეუმი არ იმუშავებს და პარალიზებული იქნება, მათ ლეგიტიმაციას საფრთხე შეექმნება. ჩვენ იმდენად მართლები ვართ, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს ეს. ასევე, რა თქმა უნდა, ამ პროცესში პროფკავშირი გაიზრდება და შემოგვიერთდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც ჯერ არ არიან ჩვენი წევრები.

  • პროფკავშირული დავის ნაწილში როგორია თქვენი მოთხოვნები კიდევ ერთხელ რომ ჩამოაყალიბოთ

ჩვენი მოთხოვნებია: აღდგეს ყველა თანამშრომელი; ხელფასი გაიზარდოს 100%-ით; ასევე მოვითხოვთ, გაუქმდეს პირველი თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან უხეშად ირღვევა ჩვენი უფლებები, ერევიან ჩვენს სამეცნიერო საქმიანობაში [საუბარია 2022 წლის თებერვალში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგინდა ახალი წესები, რომლებიც დამატებით ბარიერს ქმნიან მეცნიერებისთვის. კერძოდ, მეცნიერი, რომელიც მუზეუმში დაცულ ფონდებში კვლევას გეგმავს, ვალდებულია, მიიღოს არა მხოლოდ კონკრეტული მუზეუმის ხელმძღვანელის, არამედ მუზეუმების გაერთიანების დირექტორატის ნებართვაც, რომელიც, თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს უნდა ატყობინებდეს.].

  • გათავისუფლებულები შიშობდით, რომ სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში ადმინისტრაცია შეგიქმნიდათ ბარიერებს. მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში არ შეგიშვებდნენ მუზეუმის შენობაში

ჩვენმა ინსტიტუტებმა სადაც ვმუშაობდით, დაწერეს განცხადებები, რომ იმ პროექტების ფარგლებში, რომლებშიც ჯერ კიდე ვმუშაობთ, შეგვიშვან მუზეუმში. ჯერ პროექტების გაჩერებაზე არაა საუბარი. თუ გააჩერებენ, მაშინ სხვა ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს.

  • როდის დაწერეთ განცხადება?

რამდენიმე დღის წინ ინსტიტუტის მმართველმა დაწერა. ნებართვის გარეშე შესვლა არ გვიცდია, რომ პროვოკაციებში არ დაგვადანაშაულონ. დავწერეთ განცხადება და ველოდებით. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მართლები, დავიცვათ ყველანაირი წესი, პროცედურა და თუ არ ასრულებენ ისინი, ეს გამოჩნდება.

ახლა ჩვენ ვართ მართლები და ისინი არიან მტყუანები. მაჰმად განდისეული მიდგომა გვაქვს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები და მათ თავად გადაწყვიტონ, საით წავლენ.

  • თქვენ თქვით, რომ თანამშრომელთა გათავისუფლების შემდეგ დირექტორატმა გაიზარდა ხელფასი

გვყავს წყარო და ვიცით, რომ ასეა. გაიზარდეს ხელფასი დირექტორატის წევრებმაც. ახლა გამოაცხადეს ვაკანსიები ახალგაზრდებისთვის. 25 წლამდე ადამიანებისთვის და აქედან ნახევარი არ მიიღებს სარგოს, ნაწილი მიიღებს.

  • სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმში 105 ადგილზე სტაჟირების ვაკანსია გამოაცხადა. რას ფიქრობთ?

სამუზეუმო საქმეს სჭირდება ცოდნა. ვინც გაუშვეს, მრავალწლიანი სტაჟი აქვთ. პირადად მე 20-წლიანი სტაჟი მაქვს მუზეუმში მუშაობის, მათ შორის, გამოფენებზე, კოლექციებზე მუშაობის. მე რომ მუზეუმში მივედი, ვიყავი 18 წლის და არაფერი არ ვიცოდი. რომ მივედი, მასწავლიდნენ, როგორ უნდა მოვპყრობოდი ამ ნივთებს, როგორ უნდა დამეხარისხებინა.

ახლა არავინ აღარ დარჩა. ვინც იქ დარჩა, პროტესტს გამოთქვამს, რაც მუზეუმში ხდება იმაზე და მეორე ისიც არის, რომ უფლებები აქვთ შეკვეცილი, რადგან ახალი ხელმძღვანელები არაფერს არ ეკითხებიან და ცდილობენ, ეს ხალხი აგონიაში ჰყავდეთ, რათა სულ იყვნენ გათავისუფლების მოლოდინში.

მაგალითად, ვთქვათ ქვის ხანის ფონდი. ამ ფონდში იყო ორი ადამიანი – ერთი ძალიან გამოცდილი მეცნიერი და მეორე ახალგაზრდა, ჩვენი კოლეგა. ახლა ის ორი ადამიანი აღარ არის იქ და შესაბამისად, ის ფონდი უნდა ჩააბარონ ერთ ადამიანს და იმ ერთმა ორის საქმე უნდა გააკეთოს. მეცნიერ-თანამშრომლებიც, რომლებიც ამ ფონდების მართვის პროცესში ვიყავით, გამოგვიშვეს. იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ქვის ხანის პერიოდზეა სპეციალიზებული, გამოგვიშვეს. პროფესიონალების რაოდენობა შეცოტავდა და საქმე გაიზარდა. ახლა თუ ამ ადამიანებს დაემატებიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც გიდობა უნდა გაუწიონ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაუჭირდებათ. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დარჩნენ მუზეუმში, საფონდო საქმის გარდა, ასრულებენ სამუზეუმო საქმეს, ანუ შეიძლება, მოუწიოთ კვლევით და საგამოფენო საქმიანობაში მონაწილეობა.

თუ ჩვენ პროექტების ფარგლებში საქმის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვცეს და შიგნით არ შეგიშვეს, ამ საქმის ნაწილიც მათზე გადავა. უამრავი პრობლემა დაგროვდება.

  • ცნობილია, რომ არქეოლოგები გათხრებისთვის ნებართვას ვერ იღებენ. როგორ ფიქრობთ, რატომ აწყდებიან მეცნიერები ბარიერებს ნებართვის მისაღებად?

სააგენტოს თანამშრომლები უკმაყოფილოები არიან და მათი ნაწილი პროფესიული კავშირის წევრი გახდა. პირველი, ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ამ სფერომ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ცუდად მოექცნენ ხალხს და ორგანიზებული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ამ ყველაფერს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საბჭო, რომელიც გათხრებზე ნებართვას გასცემს, ერთხელ შეიკრიბა და მეტჯერ არა. შესაბამისად, ნებართვები ძალიან ბევრ გათხრაზე ჯერ არ გაცემულა. ახლა ვაპირებთ, ჩვენ შევიტანოთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ არ მოგვცემენ უფლებას. მანამდე იყო ძალიან მარტივად ნებართვის მიღების პროცესი. საბჭო იკრიბებოდა და იღებდა გადაწყვეტილებას. ორი კვირა სჭირდებოდა გადაწყვეტილებას. ხანდახან შეიძლება 10 დღე დაგვიანებულიყო პასუხი, მაგრამ, როგორც წესი, 2 კვირა სჭირდებოდა.