კულტურის სამინისტრო: ჩვენი ხელშეწყობით სამების ტაძრის ეზოში ერეკლე II-ის ბიუსტი დაიდგა

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ხელშეწყობით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ერეკლე მეორის ბიუსტი დაიდგა.

მათი ინფორმაციით, „ქართველ მეფეთა სკვერის“ მოწყობის პროექტი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 2021 წელს დაიწყო. დღეისათვის ტაძრის ხეივანში უკვე სამი ბიუსტი დგას: ბაგრატოვანთა მამამთავრის – ბიბლიური დავით მეფის (მეფსალმუნის), თეიმურაზ პირველისა და ერეკლე მეორის.

კულტურის სამინისტროშიამბობენ, რომ სხვა დონორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ერეკლე მეორის ბიუსტის დადგმაში, რაც „ერეკლეობის“ დღევანდელი დღესასწაულისათვის დასრულდა კიდეც.

„პროექტის განხორციელებაში ასევე განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს: „სარაჯიშვილის“ საქველმოქმედო ფონდმა, ბანკმა „ქართუმ“, პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, ბიზნესმენმა გიორგი შიუკაშვილმა და ქართული გალობის განვითარების ცენტრმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დღეს „ერეკლეობას“თელავში აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა – „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“. მუზეუმშივე მოეწყობა 200-გვერდიანი ორენოვანი ფერადი კატალოგ-ალბომის პრეზენტაცია, რომელიც სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა.

ექსპოზიცია, რომელსაც მანამდე თბილისის ეროვნული გალერეა მასპინძლობდა, აერთიანებს ქართველი მონარქის დიდი საქმეების ამსახველ უნიკალურ მასალას, საოჯახო ნივთებს, რომელთა შორის არის: მეფე ერეკლეს ბავშვობის დროინდელი სათამაშო, თოფები (მათ შორის – თოფი მუსაიფი), ხმლები, ერეკლე მეფის პორტრეტი, მეფის ოჯახის წევრთა ნაქარგობები, წიგნები და სხვა, “- ამბობენ სამინისტროში.

მათვე ინფორმაციით, „ერეკლეობასთან“ დაკავშირებით თელავის მუზეუმმა გამოსცა ფაზლები ერეკლე II-ის გამოსახულებით, კალენდარი და სასაჩუქრე ჩანთები, ასევე, მეფის სასახლის აივანზე გამოიფინება სასახლის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომასალა, მუზეუმის დერეფანში კი მოეწყობა ნინო ბონდარენკო-მრელაშვილის გამოფენა „გადაშლილი წიგნი“.