კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

კულტურის სამნისტროს ცნობით, ეს ინიციატივა – პრემიის დაფუძნება, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ქეთევან დუმბაძეს ეკუთვნის.

„სამინისტრომ მისი ეს ინიციატივა გაიზიარა და ამიერიდან საქართველოში ახალი, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, “- ამბობენ კულტურის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
1) წლის საუკეთესო რომანი;
2) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
3) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
4) წლის საუკეთესო პიესა.

სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული, ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).

სამინისტროს ცნობით, კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოების ავტორი. გამარჯვებულს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია და შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. განაცხადები მიიღება 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში.