კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა და დაჯილდოება პირველად გაიმართა. 2022 წლის საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ: ლაშა თაბუკაშვილი, სოსო ჭუმბურიძე, ანდრო ბუაჩიძე, თემურ ჩალაბაშვილი და გია მურღულია.

მათ გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

• „ქალი პროზაიკოსი“ – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
• „ქალი პოეტი“ – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
• „ქალი მთარგმნელი“ – საუკეთესო თარგმანისთვის.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა ნომინაციისთვის „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:

• მარიამ ძიძიგურს (წიკლაური) ნომინაციაში „ქალი პოეტი“, კრებულისთვის „რისკჯგუფი“;
• ნორა სიხარულიძეს ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, წიგნისთვის „სარკმელი“;
• თამარ ლომიძეს ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, აირის მერდოკის რომანისთვის „ზღვა, ზღვა” (გამომცემლობა „დიოგენე“).

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ლიტერატურული პრემია „ანას“ მიზანია ქალი ავტორებისა და მთარგმნელების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა-წახალისება, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალი სახელების წარმოჩენა.

კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით,  ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დუმბაძე, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები.

საზეიმო ღონისძიების რეჟისორი იყო მანანა ბერიკაშვილი. საღამოს უძღვებოდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები არჩილ სოლოღაშვილი და ნინო მითაიშვილი. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ ეკა კახიანი, მაია ჯაბუა და თამუნა ხმიადაშვილი.