კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროფესიული კავშირები სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროფესიული კავშირები ICOM, ICOMOS და „ლურჯი ფარი“ კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილში საუბარია კულტურის სფეროში, კერძოდ, კი ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, დღეს დარგის წინაშე არსებული გამოწვევებიდან განსაკუთრებით მძაფრად დგას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საკითხი. წერილში გაკრიტიკებულია მუზეუმის მართვასთან დაკავშირებული კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებები და ნათქვამია, რომ კრიტიკულ დროს კვალიფიციური, გამოცდილი კადრების გათავისუფლება მიუღებელია.

ასევე ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში მუზეუმის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნის პროცესი ხელოვნების მუზეუმში წარმატებით მიმდინარეობდა, ხოლო გასული წლის ზაფხულში კოლექციების გადაადგილების, კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გეგმა კრიტიკას ვერ უძლებს.

წერილის ბოლოს ხელმომწერი ორგანიზაციები საუბრობენ მუზეუმის განახლების ახალი კონცეფციის, შენობის კონსტრუქციული გამაგრების; კოლექციების გადაადგილების, რეორგანიზებული ხელოვნების მუზეუმის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო პროფესიონალების ჩართვის აუცილებლობაზე.

ღია წერილის სრული ვერსია:

ართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს

მოგმართავთ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული კომიტეტისა და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელით.

ჩვენი ორგანიზაციების საქმიანობის სფეროა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მათ შორის – საგანგებო სიტუაციებშიც. დღეს დარგის წინაშე არსებული გამოწვევებიდან განსაკუთრებით მძაფრად დგას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საკითხი. მისი კოლექციების სათანადოდ დაცვა, შენობის შენარჩუნება და თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნა ურთულესი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს მას.

დარგში განხორციელებული ნებისმიერი რეფორმა, მით უფრო – მასშტაბური, უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი კომპეტენციის პროფესიონალების მიერ შემუშავებულ კონცეფციასა და გეგმას. კოლექციების გადაადგილების, გასული წლის ზაფხულში კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გეგმა კრიტიკას ვერ უძლებს. მიუღებელი იყო კომენტარები ისტორიული შენობის (ძეგლის) სრულად შენარჩუნების შეუძლებლობაზეც და, ასევე, ხელოვნების მუზეუმის გარშემო შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც დღემდე გრძელდება.

თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების მუზეუმად გარდასაქმნელად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები წლების მანძილზე წარმატებით მიმდინარეობდა ხელოვნების მუზეუმში. ეროვნული მუზეუმის მომზადებული გეგმის კულტურის სამინისტროს მიერ უარყოფის შემდეგ გასული დრო არ არის საკმარისი მუზეუმის განახლების ახალი კონცეფციის, ამ კონცეფციის შესაბამისად – შენობის კონსტრუქციული გამაგრებისა და კონსერვაცია-ადაპტაციის, კოლექციების გადაადგილების, რეორგანიზებული ხელოვნების მუზეუმის მართვის გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს მულტიდისციპლინურ კვლევებსა და ანალიზს, რომელთაც – თავის მხრივ – შესაბამისი კომპეტენციის სხვადასხვა დარგის სპეციალისტი უნდა ასრულებდეს.

ასეთ კრიტიკულ დროს, განსაკუთრებით მიუღებელია ხელოვნების მუზეუმიდან მრავალწლიანი გამოცდილებისა და ფასდაუდებელი ინსტიტუციური მეხსიერების მქონე, კვალიფიციური პერსონალის განთავისუფლება. მიგვაჩნია, რომ მემკვიდრეობის დაცვისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ პროფესიულ ეთიკასა და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ – ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო პროფესიონალების ჩართვაც მიმდინარე პროცესებში.

ICOM, ICOMOS და ლურჯი ფარი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროფესიული კავშირებია და მათში გაერთიანებულნი არიან წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთანაც ჩვენ, საქართველოს ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლებს, მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი უცხოელი კოლეგები გასული წლის სექტემბრიდან ინფორმირებულები არიან და ადევნებენ თვალს მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტული საჭიროებებისა და მოთხოვნის შესაბამისად, მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ მათ ჩასართავად ხსენებული გეგმების შემუშავებაში, ბუნებრივია – სათანადო კვალიფიკაციის მქონე, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად.

იმედს ვიტოვებთ, პროფესიონალებს მიეცემათ საშუალება სათანადოდ იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე. გვჯერა, რომ ჯერ კიდევ არის შექმნილი, მძიმე მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა. მთავარია სურვილი და პოლიტიკური ნება.

ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ICOMOS საქართველო

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი