ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მთავარი არხის“ ეთერში გამოცდების ჩატარების იმ ახალ წესებზე ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა და დაავადების კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა გამართეს.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სტრესის დროს შესაძლებელია, ადამიანს დაუფიქსირდეს ტემპერატურა, ამიტომ შესაძლო ალგორითმები, როგორ მოიქცევიან განსხვავებულ სიტუაციაში, მისი თქმით, სასურველია, რომ შემუშავდეს.
„არავინ დამშვიდებული ემოციით და ნერვებით იქ არ შედის. ეს ხომ გამორიცხულია, ყველას სტუდენტობა გამოგვიცდია. თერმოსკრინინგი ამ ინფექციის მართვაში ისედაც ძალიან მოისუსტებს, ეს არის, ერთადერთი, მე ვფიქრობ, უფრო ფსიქოლოგიური ჩარევის იარაღი. ბავშვებთან მიმართებაში ეს უნდა იყოს ძალიან სწორად აწონილ-დაწონილი”, – აცხადებს კულუმბეგოვი.
ბიძინა კულუმბეგოვმა ასევე კონდიცირების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის ექსპერტებსა და ორგანიზაციებს შორის არ არსებობს ამ თემაზე კონსესუსი. კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუ ნიღაბი არის სავალდებულო, მაშინ კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვირუსის გარეთ გავრცელება, რომელმაც პოტენციურად აეროზოლიზაცია განიცადოს, დარჩეს და მერე ჰაერის ნაკადმა 10 მეტრზე გადაიტანოს, მაშინ მინიმალურია.
თუ ნიღაბია, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. თუ უნიღბოდ უნდა იყოს, მაშინ უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი. პოტენციური რისკი იზრდება და უზრუნველვყოთ განიავების სხვა მეთოდები. მანდატორული ნიღაბი გვაცილებს თავიდან იმ რისკებს, რაც შეიძლება იყოს ჰაერის ნაკადით გამოწვეული ინფექციის არსებობა”, – განაცახადა კულუმბეგოვმა.
კულუმბეგოვის აზრით, გამოცდის გამო სტრესული სიტუაცია, ამასთან სახის ნიღბის გამო ჟანგბადის შემცირება აბიტურიენტებისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს.
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ბიძინა კულუმბეგოვს გააცნო იმ ადამიანების ჩივილებიც, ვინ სათვალეს ატარებს და ამის გამოა მათთვის არაკომფორტული ნიღბის ტარება. კულუმბეგოვმა სათვალის მატარებელ აბიტურიენტებს რჩევა მისცა:
„სათვალეს თუ საპონს გავუსვამთ და გაშრება ის, ეს დაორთქვლისგან 100%-ით იცავს სათვალეს”, – თქვა მან.
კულუმბეგოვმა ხაზი გაუსვა, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირება უნდა იყოს ადეკვატური, არ უნდა იყოს ჰაერის ნაკადი ადამიანზე დამიზნებული.
„უზრუნველყოს სახელმწიფომ და ჰეპაფილტრით აღჭურვილი ძალიან ახალი და გამართული კონდიცირების სისტემა შეიქმნას. ეს ხომ არ არის უსასრულო რაოდენობის სივრცეები, სადაც გამოცდა უნდა ჩატარდეს. თუ იქნება ჰეპაფილტრიანი, თუ იქნება ჰაერის ნაკადების სწორი მიმართვით წინასწარი მომზადება ოთახის და არა ვთქვათ ერთი საათით ადრე ჩართვა, ნიღაბი მეტ-ნაკლებად, ამ პირობებში შესაძლებლობა იქნება.
გამოღებულ ფანჯრებში, როცა პროგნოზი არის ამინდის, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში 40 გრადუსი გახდეს ტემპერატურა, ეს არის შეუძლებელი და აისახება ბავშვებზეც. ისედაც ემოციის დროს ადამიანს გული მისდის და გამოცდებზეც ეს ხშირია”, – აცხადებს კულუმბეგოვი.