კუპრაძე: თბილისში გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, სკოლებში უფასო კვებისთვის

პუბლიკა

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათი მთავარი დაპირება თბილისის სკოლებში უფასო კვების დანერგვა იქნება.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტიდან 200 ათასი მოსწავლისთვის 100 მილიონ ლარს გამოყოფენ. მისი თქმით, კვლევების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია.

„დღეს, ყველა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე. ამაზე პასუხი კი, სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი.

ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული PISA-ს კვლევის მიხედვით ცხადია, რომ 81 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან, ქართველი მოსწავლეები იკავებენ ბოლო ადგილებს. კერძოდ, წაკითხულის გააზრებაში 66-ე ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-60 ადგილს, მათემატიკაში 66-ე ადგილს და ა.შ. ეს არის იმ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება, რაც არის ბავშვთა შიმშილობა სკოლებში.

ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილობის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც სკოლებში უფასო კვების დანერგვა დავიწყეთ. ამით ვაგვარებთ ბავშვთა შიმშილობის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში. დღეს, თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. თბილისში მცხოვრები 200 ათასი მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

ჩვენ, მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.


სასკოლო კვება მსოფლიოში ბავშვთა სოციალური დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს და გაეროს საკვების მსოფლიო პროგრამის უახლესი მონაცემებით, 176 ქვეყანაში, დაახლოებით, 418 მილიონ ბავშვს მოიცავს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო კვების გაიდლაინი. სწორედ მას უნდა დაფუძნებოდა სასკოლო კვების პროგრამა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

შემდეგ იყო ე.წ. ვაშლების დარიგების პროგრამა, რომელიც 2017 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით წარადგინა. პროგრამა სულ რამდენიმეთვიანი იყო – 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.

სასკოლო კვების დანერგვაზე განსაკუთრებით აქტიურად საუბარი  2021 წელს დაიწყო. საკითხი გაანალიზებულია პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ მოამზადა.

საკითხი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოძრაობა „ხმის“კამპანიის შედეგად დადგა. მათ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წელს  დაიწყეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. მათ ხედვაც შეიმუშავეს, როგორ უნდა დაწყებულიყო უფასო სასკოლო კვების პროგრამა 2024 წელს.

კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უფასო სასკოლო კვება მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთი თემა გახდა. კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების დაწყების პირობა დადო. „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“ – ეწერა ქალაქში გამოკრულ ბილბორდებზე. ხელისუფლება კი ამბობდა, რომ სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით „აქტიურად მუშაობდნენ“.

„უფასო კვება პირველკლასელებს” – ამ  პროექტის განხორციელება საქართველოს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში – წალენჯიხაში დაიწყო.

ყოველდღიური კვებითი უზრუნველყოფისთვის, თითო მოსწავლისთვის, წალენჯიხის ბიუჯეტიდან 4 ლარი განისაზღვრა. ბარათების გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტშია შესაძლებელი.

საქართველოში სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მოთხოვნას შეუერთდნენ სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც. განათლების სამინისტრო კი უფასო სასკოლო კვების დაწყების გადავადებას სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნიდა.

„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრო ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობდნენ და ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ პროგრამის დაწყებაც იქნებოდა შესაძლებელი. მეტიც, 2024 წლის ივნისში, მაშინდელი განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვას „1-2 თვეში წარმოადგენდა“.

ამ განცხადებიდან 2 თვეში, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს „პუბლიკამ“ გიორგი ამილახვარს შეკითხვა დაუსვა, თუ როდის იგეგმებოდა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაპირებული გეგმის გასაჯაროება, რაზეც ამილახვარმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი, თუ როგორ და როდიდან ვიწყებთ ჩვენ სასკოლო კვების პროგრამას“.

მინისტრის დაპირების მიუხედავად, 2024 წლის 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, უფასო სასკოლო კვების საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაფერი თქვა.

კობახიძემ მაშინ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და არაერთი დაპირება გააჟღერა, თუმცა სასკოლო კვების საკითხს არ შეხებია.


ნახეთ „პუბლიკის“ მიერ მომზადებული მასალები ამ თემაზე:

უფასო სასკოლო კვების მოდელები | როგორია საერთაშორისო გამოცდილება – ბმული;

უფასო სასკოლო კვების როგორი მოდელი იქნება ეფექტიანი საქართველოში – ბმული;

როგორ შეიძლება დაიწყოს უფასო სასკოლო კვება 2024 წელსვე | მოძრაობა „ხმის“ ხედვა – ბმული;

იაპონური Shokuiku ქართული სასკოლო კვების დასაცავად – ბმული;

გაეცანით პოლიტიკოსების ხედვას ბავშვთა სიღარიბესა და უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით – ბმული;

„ჩვენ გვჭირდება ძალა, ენერგია” | ბავშვები უფასო სასკოლო კვებაზე – ბმული;

რა ღირს უფასო სასკოლო კვება | „ხმა” საორიენტაციო ბიუჯეტს აქვეყნებს – ბმული;