რა ღირს უფასო სასკოლო კვება | „ხმა" საორიენტაციო ბიუჯეტს აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოში სკოლის მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე განიცდის შიმშილის გრძნობას (NAEC, 2019), – მოძრაობა „ხმა” აქვეყნებს საორიენტაციო ბიუჯეტს, თუ რა ეღირება უფასო სასკოლო კვება საქართველოში.

თანდაპირველად მოძრაობა მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, იმის დამოუკიდებლად გამოანგარიშებას, ზუსტად რა ეღირება უფასო სასკოლო კვება, ართულებს ის, რომ პროგრამის ბიუჯეტის მოდელირებისთვის საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ცნობილია, რომ საქართველოში საჯარო სკოლების 75%-ს არ აქვს ფუნქციური ბუფეტი, ხოლო სკოლების 4%-ს უწყვეტად არ მიეწოდება წყალი (CTC, 2021).

როგორც ისინი წერენ, მათთვის უცნობია, რამდენი საჯარო სკოლაა მზად იმისთვის, რომ საკვები სკოლის სამზარეულოში დაამზადოს – ისე, როგორც საჯარო ბაღების შემთხვევაში ხდება. უცნობია ისიც, რა ეღირება გამზადებული საკვების სკოლამდე მიტანა, რადგან არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საჯარო სკოლების ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორების შესახებ, რაც საკვების ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების მოდელირების საშუალებას მოგვცემდა.

„ამიტომ, ამ მცირე ნარკვევში გთავაზობთ, უფასო სასკოლო კვების არა ზუსტ, არამედ საორიენტაციო ბიუჯეტს – მიახლოებით განფასებას, რა შეიძლება, ღირდეს საჯარო სკოლის მოსწავლეების კვება”, – წერს „ხმა”.

როგორც მოძრაობა აღნიშნავს, გაეროს ბავშვთა ფონდმა მოამზადა სასკოლო მენიუ სპეციალურად ქართული სკოლებისთვის (CTC, 2021). ეს სანიმუშო მენიუა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს უფასო საკვები ქართულ სკოლებში. მენიუში გხვდება მოსწავლეების საყვარელი საკვები, ანუ ის, რასაც მოსწავლეები ყიდულობენ სკოლის ბუფეტებში თუ სკოლასთან ახლომდებარე საცხობებში – სენდვიჩი, ხაჭაპური, ლობიანი; მაგრამ ასეთი საკვები ამ მენიუში მოწოდებულია იმგვარად, რომ ის ჯანსაღი და დაბალანსებული იყოს.

„ჩვენ დავეყრდენით ამ მენიუს და მისი განფასებისთვის, საჯარო ინფორმაციის ფორმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ მონაცემები 2022 წლის სექტემბრის თვეში საკვებ პროდუქტებზე საშუალო საბაზრო საცალო ფასების შესახებ. მიღებული მონაცემები გამოვიყენეთ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ულუფის ხარჯის დასადგენად. ამ მეთოდით დავიანგარიშეთ, რა იქნება სასკოლო საკვების საორიენტაციო ბიუჯეტი უშუალოდ საკვებზე (ტრანსპორტირების, შენახვისა და დამზადების გარეშე)”, – წერს „ხმა”.

რა ღირს უფასო სასკოლო კვება?

ამ გაანგარიშებით (დანართი), ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი ულუფის საშუალო ღირებულება 1.66 ლარია. შესაბამისად, ერთი მოსწავლის საკვები ბიუჯეტს წელიწადში, საშუალოდ, 266 ლარი დაუჯდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით, მხოლოდ საკვებზე დანახარჯი 144.8 მილიონ ლარს შეადგენს.

„საქართველო, მსოფლიო ბანკის მიხედვით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება. ბავშვთა კვების გლობალური ფონდის მონაცემების მიხედვით, საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში უფასო სასკოლო კვების პროგრამებში საკუთრივ საკვების ხარჯის წილი მთლიანი ხარჯის 73%-ია (CTC, 2021).

საკვების ტრანსპორტირებაზე, შენახვაზე, დამზადებასა და სხვა მხარდამჭერ პროცესებზე მთლიანი ბიუჯეტის 27% მოდის. თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოვა, რომ ერთი მოსწავლის ულუფა 2.27 ლარი ეღირება (საკვებისა და მხარდამჭერი პროცესების ჩათვლით), ხოლო უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი დაუჯდება.

საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე 291 881 მოსწავლე სწავლობს. თუ უფასო სასკოლო კვების პროგრამა, თავდაპირველად, მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი, პროგრამის ბიუჯეტი განახევრდება და დაახლოებით 106 მილიონი ლარი იქნება”, – წერს „ხმა”.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე;

დანართი: