უფასო კვება სკოლებში: როგორ და რამდენად არის შესაძლებელი მისი დანერგვა საქართველოში

სალომე გორგოძე

სკოლებში მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ნაცნობი და გამოცდილი პრაქტიკაა, რაც ერთ-ერთ ეფექტიან გზად განიხილება ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვისთვის.

როგორია სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება, რამდენად საჭიროა და რა პერსპექტივა აქვს მსგავსი პროგრამის ქართულ სკოლებში დანერგვას  – ეს საკითხი კონკრეტულ სტატისტიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაანალიზებულია პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა მოამზადა.

რატომ არის ეს პრობლემა და რა ხდება საქართველოში?

უკვე წლებია, საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორი მათი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური სტატუსია.

2019 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის 189 690 ბავშვია, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20%-ია.

ერთ-ერთი ეროვნული შეფასების მიხედვით , ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.

პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მიკროელემენტებით დაბალანსებულ რაციონს, სხვა თანმდევ ინტერვენციებთან ერთად, შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბავშვებში არასათანადო კვებასა და მის შედეგად გამოწვეულ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანსაღი კვების ხელშეწყობა სკოლებში ნაწილობრივ მაინც აბალანსებს ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით განსხვავებას.

როგორია სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება

მსოფლიოში აპრობირებულია რამდენიმე სახის სასკოლო კვების მოდელი. ერთ-ერთი მათგანია – „სკოლაში კვების მოდელი“, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურად სკოლაში მოსწავლეებისთვის მზა საკვების მიწოდებას ფიქსირებულ დროს (უმეტესად საუზმეს ან/და სადილს). ეს მოდელი საჭიროებს სკოლებში საკვების მოსამზადებლად შესაბამის სამზარეულოს აღჭურვილობას ან მზა საკვების ორგანიზებულ მიწოდებას.

გვხვდება მოდელი, რომელიც მოსწავლეებისთვის ფორტიფიცირებული (ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული) საკვების მიწოდებას გულისხმობს, რაც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, წარმოადგენს კვებითი დეფიციტის დროს ფინანსურად ყველაზე ეფექტიან მეთოდს. უმეტესად გვხვდება წასახემსებელი საკვების ფორმით, მაგ. ფორტიფიცირებული ორცხობილები.

არსებობს მოდელი ე.წ. „სადილის ყუთი“ – ყოველდღიური საკვები, რომელიც მოწოდებულია მესამე პირის მიერ. შეიცავს წინასწარ მომზადებულ მზა კერძს.

კიდევ ერთი მოდელია – „სახლში წასაღები ულუფები“. ამ შემთხვევაში საკვების მიწოდების სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, უმეტესად გულისხმობს ყოველთვიურად ან სეზონურად საკვების მიწოდებას მოსწავლისთვის (და შემდეგ სახლში მოხმარებას).

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, სასკოლო კვების პროგრამის მოცვა განისაზღვრება რიგი პარამეტრებით, მათ შორისაა: მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა (სასკოლო საფეხურები) და გეოგრაფიული ან ინდივიდუალური პარამეტრები, მაგალითად, სოციალური თუ სხვა ნიშნით სტატუსი და კონკრეტულ რეგიონები.

მაგალითისთვის, აქვე ნათქვამია, რომ პროგრამის მოცვის/დაფარვის არეალის განსაზღვრისას ერთ-ერთი სტრატეგია, რომელსაც ქვეყნები მიმართავენ, ეფუძნება კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფის შერჩევის პრინციპს, სადაც უმეტესად პრიორიტეტი ენიჭება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელია სკოლაში კვების მოდელი, თუმცა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ასევე აქტუალურია სახლში წასაღები ულუფების მოდელი. რიგ ქვეყნებში გვხვდება კომბინირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც სკოლაში კვების, ასევე სახლში წასაღები ულუფების მოდელს.

როგორ შეიძლება დაინერგოს სასკოლო კვების პროგრამა საქართველოში?

პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვების მოდელთან მიმართებით საქართველოში ყველაზე მიზანშეწონილ (ოპტიმალურ) ვერსიას მომავალი ათი წლის განმავლობაში წარმოადგენს სადილის ყუთი („ლანჩბოქსი“), რომელიც შეიკვრება სკოლაში ან მზა სახით მიეწოდება სკოლებს. ეს მოდელი გულისხმობს, რომ მოსწავლეები ყოველდღიურად იკვებებიან სკოლის ტერიტორიაზე, თუმცა საკვები სკოლაში არ მზადდება.

„ლანჩბოქსის“ მოდელის არჩევის შემთხვევაში, სკოლებს მაინც მოუწევთ სასადილო სივრცის მოწყობა, თუმცა ამ მოდელებისათვის ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის ხარჯი უფრო დაბალია „სკოლაში კვების“ მოდელთან შედარებით.

რაც შეეხება ბენეფიციარებსა და დაფარვას, დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასკოლო კვების პროგრამა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლისთვის, სოციალური სტატუსის მიუხედავად. რესურსების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამისთვის მეორე პრიორიტეტს წარმოადგენს საბაზო საფეხურზე სასკოლო კვების შემოღება.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოში საჯარო ფინანსების განაწილების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სასკოლო კვების პროგრამის სახელმწიფო პროგრამის სახით ამოქმედება.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროგრამის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, საინტერესო მიდგომა იქნებოდა სასკოლო კვების პროგრამის განხორციელების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე.

აქვე ვკითხულობთ, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში სასკოლო კვების პროგრამებს ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს და საქართველოს შემთხვევაშიც ეს მოდელი ოპტიმალურად შეიძლება, მივიჩნიოთ. შესაძლებელია, სტანდარტებისა და სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ დონორმა ორგანიზაციებმა.

რაც შეეხება ხარჯს, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ერთ მოსწავლეზე სასკოლო კვების პროგრამებზე წლიური საშუალო დანახარჯის გათვალისწინებით (42 აშშ დოლარი) საქართველოში უნივერსალური (ყველა მოსწავლეზე გათვლით) პროგრამის წლიური ხარჯი, პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით 70 994 154 ლარს შეადგენს. პროგრამის განხორციელების წლიური ხარჯი განახევრდება, თუ პროგრამის სამიზნედ არჩეული იქნება მხოლოდ დაწყებითი საფეხური.

„უფასო კვება თბილისის სკოლებში“ – რას გულისხმობს წინასაარჩევნო დაპირება

„უფასო კვება თბილისის სკოლებში“ – ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ეს დაპირება ბილბორდებზე გუშინ გამოჩნდა. მელიას წინასაარჩევნო დაპირებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, როგორც პროგრამის რეალურობასთან, ასევე მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

„პუბლიკა“ ენმ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ კონკრეტულად როგორ გეგმავს მერობის კანდიდატი თბილისელებისთვის დაპირების შესრულებას, თუმცა განგვიცხადეს, რომ პროგრამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაიმართება პრეზენტაცია, რომელზეც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მანამდე კი ამ თემაზე განმარტებებს არ აკეთებენ.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ოპოზიციის საერთო კანდიდატს თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე, ცოტნე კობერიძეს. მან გვითხრა, რომ ინიციატივა „გირჩისგან“ არ წამოსულა. ზოგადად, მისი იდეოლოგიიდან გამომდინარე, „მსგავს ხარჯზე პასუხისმგებლობის აღება რთული საკითხია და ხშირად არ ეთანხმებიან-ხოლმე“, მაგრამ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და აქედან გამომდინარე, „გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის“ შეეცდება სხვა ალტერნატიული ხარჯის შეკვეცას, რათა გამოთავისუფლებული სახსრები იმ სოციალური პროექტებისკენ მიემართოს, რომლებიც სხვა პარტიებმა შესთავაზეს.

„ეკონომიკურად არასაბაზრო პროცესის პროდუქტია და, შესაბამისად, მისი განხორციელება საკმაოდ რთული იქნება. ბევრი წინაღობა შეიძლება იყოს ამ საკითხზე. ჩემი იდეოლოგიიდან გამომდინარე, უბრალოდ, ეს არის კოალიცია. სხვა პარტიებმა სხვა რამე ჩათვალეს პრიორიტეტად, ჩვენმა პარტნიორებმა. ამ პასუხისმგებლობას ცხადია, ვინაწილებთ ყველა და ჩემი როლი იქნება ის, რომ ამ დანაპირების შესრულება რეალური გახდეს, ამისთვის სხვა ხარჯები უნდა დავაბალანსოთ. „გირჩი“ ამას შეეცდება.“

კობერიძე ამბობს, რომ კონსულტაციებს გადიან და ყველა დეტალი პროექტის განხორციელების გზებისა და შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში, სოციალური მიმართულებით, მათ შორის, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის დაახლოებით 370 მილიონამდე ლარია დაანგარიშებული. მისივე თქმით, თბილისის წლევანდელი ბიუჯეტის პირობებშიც ამ თანხის გამოთავისუფლება შესაძლებელი იქნება.

მმართველ გუნდში მელიას ინიციატივას „სრულ აბსურდად“ აფასებენ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მელია წინასაარჩევნოდ თვითმმართველობის საკითხებისთვის ისეთ არაადეკვატურ დაპირებებს გასცემს, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებს.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ეს მელიას მხრიდან სასოწარკვეთილი ნაბიჯია, ვინაიდან ის თბილისში არჩევნებს აგებს. კობახიძის შეფასებით, მელია ცდილობს, თბილისელები მოატყუოს, რადგან მას, როგორც მერს, კანონით, სკოლებში უფასო საკვების პროგრამის დანერგვის უფლება არ ექნება. პროგრამას დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება და საკითხავია, რომელი მიმართულებების შეკვეცის ხარჯზე მოახერხებს ამას.

რამდენიმე დღით ადრე, 14 ოქტომბერს მოძრაობა „ხმამ“ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია დააანონსა. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა და ამ მოთხოვნის გარშემო სოციალურ ქსელში საზოგადოების მობილიზებაც დაიწყეს.