7 წლის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარედგინა - პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება

პუბლიკა

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალდება წარუდგინა – უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა, 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.

არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ბრალდებული პოლიციამ 1 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.