კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებები მოჰყვა.
კუპრაძემ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ თბილისის „წართმევა და გათავისუფლება“ შესაძლებელია:
„საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა, გაყალბების პირობებშიც 60/40-ზე ხომ მოვუგეთ. […] მე ვფიქრობ, თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს წართმევას ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის, ეს კორუფცია, რომელიც მერე ისევ ქართული ოცნების ბიუჯეტში ბრუნება, ამის წართმევის შესაძლებლობაა. 2021 წელს შევძელით და წავართვით დაახლოებით 10-ზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება, ან თუნდაც ფიქრი იმაზე, რომ ჯერ ვიმსჯელოთ“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა, რაციონალური მსჯელობა და საერთო სტრატეგია. კუპრაძე ამბობს, რომ თუ საერთო სტრატეგია არ იქნება, იცვლება მოცემულობა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან სანიკიძემ. მისი თქმით, ისინი დგანან „საპროტესტო ელექტორატის და ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე“, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას.
სანიკიძის აზრით, „ლელოს“ პოზიციის შეცვლა მოუწევს:
„ლელო კიდევ ერთხელ შეიცვლის პოზიციას და რაც შეეხება ჩვენს მიზანს, თბილისის წართმევა კი არა, ჩვენი მიზანია საქართველო გამოვგლიჯოთ ივანიშვილს ხელიდან. ამდენი პოლიტპატიმარი იმის გამო არ გვყავს, რომ ივანიშვილს თბილისი წავართვათ, არც ჩვენ გავდივართ პოლიტიკურ რეპრესიებს ამის გამო, ჩვენი მიზანია საქართველოს წართმევა ივანიშვილისთვის და ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობას აპირებს, ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ან ზედმეტად ოპტიმისტია, ან არაკეთილსინდისიერია, თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა რომელ ჯგუფს წარმოადგენენ“, – თქვა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება „ფედერალისტებს“, ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა ლიკა გახარია, რომლის თქმითაც, ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას, დამოკიდებულია გარემოებებზე და ხალხზე.
„დღეს რომ პარლამენტი ერთპარტიულია და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში არ სხედან „ოცნების“ დეკორაციად – ეს ვითარება განაპირობა ქართველმა ხალხმა, ქუჩის პროტესტებით და ამით კრიზისის შექმნით, თორემ ახლაც ყველა მანდ ისხდებოდა. (გახსოვთ ალბათ ზოგიერთი პოლიტიკოსი გარეთ რომ ყვიროდა არჩევნები გაყალბებულიაო და პარალელურად პარლამენტარი ეწერა უკვე ყველა პლატფორმაზე). თვითმმართველობის არჩევნებზეც უნდა მოხდეს იგივე – კრიზისი უნდა შექმნას ისევ ხალხმა. პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მათ ეს შეუძლიათ მხოლოდ არჩევნებზე, ქუჩაში გარემოებებმა თუ ხელი არ შეუწყო, ჩვენ ვიცით, რომ მეინსტრიმ პარტიები შევლენ ამ არჩევნებში. ამიტომ, ჩვენი, ყველასი და მათ შორის ფედერალისტების უპირველესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ისეთი გარემოებები, პროტესტისა თუ სანქციების მიმართულებით, რომ უაზრობად ჩაითვალოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მეინსტრიმ პარტიების მხრიდან და წამგებიანი იყოს მათთვის“, – წერს ლიკა გახარია.
„კოალიცია ცლვლებისთვის“ პოზიციაა, რომ ოპოზიცია აქტიურ ბოიკოტში უნდა იყოს. 31 მაისს ნიკა ფარულავამ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ ბოიკოტის მიზანი ოფისებში დარჩენა არ უნდა იყოს, არამედ, უნდა შემუშავდეს საერთო გეგმა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ არჩევნებზე აქტივობა იყოს ძალიან დაბალი.
„უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რაზეც ხშირად გვისაუბრია, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, საერთო გეგმის შემუშავება, საერთო მეისჯბოქსის შემუშავება, საერთო გზავნილების გაშვება, რომ აქტივობა იყოს იმდენად დაბალი არჩევნების დღეს, რომ არა თუ კითხვის ნიშნები გაჩნდეს დასავლეთში, არამედ კონკრეტული შეფასებები მიეცეს, რომ ეს დღე და ეს არჩევნები ჩავარდა, ჩავარდა იმიტომ, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არ გამოცხადდა და თქვა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია. მეორე, თუ ჩვენ 26 ოქტომბერს, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ ვთქვით, რომ თქვენ, ჩემო თანამოქალაქეებო, წაგართვეს არჩევანის უფლება, წაგართვეს კონსტიტუცია, კონსტიტუციით გარანტირებული 78-ე მუხლი, თქვენ გყავთ 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, თქვენი მეგობრები არიან პოლიტიკური პატიმრები, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებათ, ამ შემთხვევაში რას ვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა?!“- თქვა ნიკა ფარულავამ.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გასულ კვირას პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც, პირველ რიგში, მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და პირდაპირ საქართველოს თითოეული მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს“, – თქვა გახარიამ 27 მაისს.
„გირჩს“ გაცხადებული პოზიციაა, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეკა ონიანმა თქვა, რომ ადგილობრივი წარმომადგენლების შერჩევის პროცესში არიან და მზად არიან პარტიის რიგებში მიიღონ „პატიოსანი, კეთილსინდისიერი და კარგი რეპუტაციის“ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება აქამდე არჩევნებში მონაწილეობაზე არ უფიქრიათ, მაგრამ სიამოვნებით წარმოადგენენ ხალხს საკრებულოებში.
„ჩვენ ეს არჩევნები გვინდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ამ საგიჟეში რაც აქ არის, იმაში არ ჩავერიოთ და ამის მიუხედავად ჩვენი ხალხით დავაკომპლექტოთ, ახალი პოლიტიკოსები გავაცნოთ საზოგადოებას, ახალი მომავალი პოლიტიკოსები. უბრალოდ, რომ არ შევაშინოთ ხალხი, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვეძებთ ადამიანებს, ვისაც აწუხებს ან რაღაც უნდა თქვას თავისი ქალაქი იქნება ეს თუ რაიონი, თუ ასე შემდეგ, მის მოწყობასა დაკავშირებით, არ მოსწონს, რომ რაღაც არ კეთდება ან რაღაც ცუდად კეთდება. თუ ამ ხალხს მომავალში გამოუვა პოლიტიკოსობა და დააინტერესებს პოლიტიკოსობა, ეს შეიძლება იყოს მათი გზაც საპარლამენტო პოლიტიკისთვის“, – თქვა იაგო ხვიჩიამ 28 მაისს.
განახლება: საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „თავისუფლების მოედანმაც“, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებენ „დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას“. მათი პოზიციით დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელი და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვების არა.
„სამოქალაქო და მედია სივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ხოლო ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც თანასწორ საარჩევნო მეტოქეობას ვისურვებდით, ქუჩებიდან იტაცებენ და უსამართლოდ სჯიან.
გადაწყვეტილება, მიიღოს თუ არა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ეფუძნებოდეს განსჯას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა არჩევნების არა მხოლოდ შედეგებს, არამედ თავად პროცესს, გააძლიეროს „ქართული ოცნების“ ჩამოშლა.
დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება „თავისუფლების მოედნის“ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს. არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა „ქართული ოცნების” წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით – გვჯერა, რომ „ოცნებას” ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ“, – წერია განცხადებაში.
პარტია ამბობს, რომ „რეჟიმის“ საბოლოო დამარცხებისთვის დემოკრატიული ოპოზიციის მოქმედების ერთიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ასევე, ერთობლივი უნდა იყოს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.