„ხელისუფლებას პოზიცია პრაქტიკულად არ შეუცვლია ჩვენთან დაკავშირებით“, – ასე ეხმაურება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საკითხის განხილვას.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამინისტრო არ აპირებს ნამახვანჰესის პროექტის საფუძვლიან და ხელახლა რევიზიას იმიტომ, რომ მინისტრის თქმითვე, ეს პროექტი დამტკცებულია.
„თქვენ ნახეთ ჩვენი შეხვედრა რიონის ხეობაში მინისტრებთან, სადაც მე ვუთხარი მათ, რომ თუკი ჩვენ შორის შედგებოდა დიალოგი, რა საკვირველია, ორივე მხარემ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ ჩვენ-ჩვენი არგუმენტები იმიტომ, რომ ზოგადად დიალოგს აზრი ჰქონდეს. თუკი მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ არაფერს შეცვლიან წინასწარ და იგივე გზას გააგრძელებენ, რა გზითაც დღეს მიდიან, ამ შემთხვევაში ცხადია, არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს“, – აღნიშნავს გოლეთიანი.
გოლეთიანის განმარტებით, ნამოხვანში შეხვედრისას მინისტრები ამ წინადადებას დასთანხმნენ და აქტივისტებმა სწორედ ამის შემდეგ გამოთქვეს მზაობა, რომ 12 მარტს, პარასკევს შევხვედებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„..გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მივედით და მოვისმინეთ მათი პასუხი, რომელზეც ალბათ, პარასკევს ისედაც გაგვცემდნენ. რა საკვირველია, ეს პასუხი პრაქტიკულად თავის თავში მოიცავს და გულისხმობს იმას, რომ მათთან არანაირი შემდგომი ურთიერთობის გაგრძელებას ამ ფორმატში აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ არც რაიმე სიღრმისეული რევიზირება იგეგმება პროექტის და შეჩერებაზე ზედმეტია საუბარი და საერთოდ – პრაქტიკულად ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯს არ დგამენ. უბრალოდ გვეუბნებიან იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ცნობიერების ამაღლება, რომ ჩვენც ისევე შევხედოთ ამ ყველაფერს, როგორც თვითონ უყურებენ. ანუ ჩვენც ისევე მოგვეწონოს ეს პროექტი, როგორც თავად მოსწონთ. ეს იყო მათი ძირითადი სათქმელი“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცველის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების პასუხი წინასწარ უკვე ცნობილია, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები შეხვედრაზე უარს არ იტყვიან.
„უარს არ ვამბობთ და აქაც მივალთ, მაგრამ მათი პასუხები წინასწარ ცნობილია იმიტომ, რომ პირდაპირ გამჟღავნდა მათი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და პირდაპირ თქვეს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ, უბრალოდ რაღაც საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს გამართავენ ჩვენთან და ამას ემსახურება ეს შემდგომი კომუნიკაციაც“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
რაც შეეხება კვირას, 14 თებერვალს ქუთაისში დაგეგმილ აქციას, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ აქცია აუცილებლად ჩატარდება:
„14 მარტს გაიმართება ჩვენი აქცია და აუცილებლად ყველა უნდა ვიყოთ, ვინც ჩვენ პირობა დავდეთ 28 თებერვალს, რომ თუკი ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ჩვენ ყველა მოვიდოდით და პირდაპირ მოვთხოვდით შეკრებაზე ხელისუფლებას – გამოგვიცხადოს, რომ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და დაველოდებით იქვე, სანამ ოფიციალურად პასუხს არ მივიღებთ. ეს იქნება ჩვენი პოზიცია კვირის აქციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
Facebook-ის ჩართვის დროს, აქტივისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროცესი არსებითად მოითხოვს მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტას.
„ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვბელოვანი საკითხია და როგორც საზოგადოება, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ზნეობრივი, მორალური და ყველანაირი სახე ამ ბრძოლაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ავყვეთ პროვაკაციებს და ქვების სროლით და იმ მეთოდებით დავიწყებთ ბრძოლას, რა მეთოდებიც მათ აწყობთ და მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, გრძელვადიანი ომისთვის ჩვენ განწყობილი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ საქმე ჩვენს მიწას და ჩვენ წვეყანას ეხება..“, – აღნიშნა ვარლამმა.
ადგილობრივი მოსახლეობა 137-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.
მათი მოთხოვნებია:
„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.
სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.