კვლავ მზად ვართ საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერისთვის – სტოლტენბერგი

პუბლიკა

რიგაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდებიან.

საბჭოს სხდომის დაწყებისას NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის უახლოეს პარტნიორებს შორის არიან და NATO კვლავაც მზადაა ამ ქვეყნების მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

„განსაკუთრებით მივესალმებით მინისტრ ზალკალიანსა და მინისტრ კულებას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამ სხდომაზე, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საქართველო და უკრაინა არიან NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში, მიისწრაფიან ალიანსის წევრობისკენ. NATO მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავ მზად ვართ, უზრუნველვყოთ საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა.