ლანა ღოღობერიძის წერილი კინოცენტრის შექმნის ისტორიასა და დამოუკიდებლობაზე

პუბლიკა

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს. ის კინოცენტრის დაფუძნების ისტორიას იხსენებს და ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, მიღწევებზე, მოსალოდნელ საფრთხეზე.

„პუბლიკა“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„კინოცენტრში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ გამახსენეს ჩვენი, 60-იანი წლების კინემატოგრაფისტების საერთო წარსულიდან, ქართული კინოს წარსულიდან.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებია. კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი, ე.წ. ვგიკი. იმ დროს იქ ბევრი ქართველი სწავლობს, თითქმის ყველა მომავალი სამოციანელი.

უცებ დაირხა ხმა: რაღაც მნიშვნელოვან ფილმს აჩვენებენო, ვიღაცამ ისიც თქვა, მგონი, ქართულსო. ჩავცვივდით ქვემოთ, კინო-დარბაზში. და ვნახეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ისტორია: უბრალო ადამიანების და ვირის – მაგდანას ლურჯას – თითქოს სულ უბრალო ამბავი! მაგრამ გადატრიალება საბჭოთა პომპეზურ, სინამდვილის შემალამაზებელ, ყალბ კინოში! აღელვებულები ვიღებდით მოლოცვებს და თავს რაღაც დიდი ახალი პროცესის მონაწილედ ვგრძნობდით.

ეს პროცესი გაგრძელდა კინო სტუდია „ქართულ ფილმში”.

საბჭოთა ცენზურასთან მუდმივი ბრძოლის პროცესში ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა კინოს ახალი ენის დამამკვიდრებელი ფილმები, რომელთაც თანდათან საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ასე შეიქმნა ქართული „ახალი ტალღა“, მსოფლიოში აღიარებული „ქართული კინოს ფენომენი“. (საკუთრივ კინემატოგრაფისტებთან ერთად ამ პროცესში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის „ქართული ფილმის “ იმჟამინდელ დირექტორს მიშა კვესელავას).

იმ დროის კიდევ ერთი მონაპოვარი: ქართული კინოსკოლა. იმავე ადამიანებს დიდი, უკომპრომისო ბრძოლა დაგვჭირდა მის დასაარსებლად. ეს იყო ნამდვილი გამარჯვება სისტემაზე, რომლისთვისაც იდეოლოგიის მთავარი საყრდენის – კინოს სწავლება მთლიანად ცენტრალიზებული უნდა ყოფილიყო, ერთადერთი კინოსკოლით მოსკოვში. (სიამაყით ვიხსენებ, რომ პირველი ორი სახელოსნოს ხელმძღვანელები თენგიზ აბულაძე და მე ვიყავით, სტუდენტთა შორის კი დავასახელებდი ქართული კულტურის ისეთ ემბლემატურ ფიგურას, როგორც გოდერძი ჩოხელია).

მერე დადგა მე-20 საუკუნის 90-იანი წლები. საუკუნეთა მანძილზე ნანატრი და სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა…

და სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში, ეროვნული კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო – კინო, უსახსრობის გამო სულს ღაფავდა. მახსოვს ჩვენი ღრმა მღელვარება და შეშფოთება, – ჩვენთვის საქართველო ნამდვილი „კინოქვეყანა“ იყო თავისი ძალიან „კინემატოგრაფიული“, მრავალფეროვანი პეიზაჟებით, ქართველთა ბუნებრივი არტისტიზმით და მრავალი ათეული წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციებითა და სერიოზული პროფესიონალებით. ამ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა.

არ მახსოვს, ვის მოუვიდა თავდაპირველად ეროვნული კინოცენტრის დაარსების იდეა. თვალწინ გვედგა ფრანგული კინოცენტრის ძალიან წარმატებული სისტემა. ბევრი ბჭობის შედეგად, ფრანგული კინოცენტრის მესვეურებთან ურთიერთობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით, შევთანხმდით პრინციპულ საკითხებზე: კინოცენტრი უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ამავე დროს არის სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა. მას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ირჩევა 2 წლის ვადით პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, ამდენად ის ანგარიშვალდებულია კინემატოგრაფსიტთა წინაშე. ფილმების დაფინანსება ხდება წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ჟიურის დაკომპლექტება – პროფესიული გამოცდილების და რეპუტაციის გათვალისწინებით. და, რა თქმა უნდა, სრულად უნდა იყოს დაცული ყველა ამ პროცესის გამჭვირვალობა.

ამ იდეების განხორციელებასაც დასჭირდა ინსტანციებში სიარული, თანამდებობის პირთა დარწმუნება…

და ბოლოს და ბოლოს, კინოცენტრიც დაარსდა! და შედეგმაც არ დააყოვნა: სულ ცოტა ხანში ქართული კინო დაადგა აღორძინების გზას. მოვიდა რეჟისორთა ახალი თაობა, ახალი მიდგომებით, თანამედროვე ხედვით. ქართულ ფილმებს კვლავ იწვევდნენ საერთაშორისო ფესტივალებზე. დამყარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები, მათ შორის ევრიმაჟთან, რომელიც არაერთი ქართული ფილმის დაფინანსებაში მონაწილეობდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ნიუ-იორკიდან ბუსანამდე (სამხრეთ კორეა), ჩატარდა ქართული კინოს რეტროსპექტივები, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. და ყველგან გვესმოდა ერთი და იგივე მიდგომა: ასეთი ფართომასშტაბიანი ჩვენების მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს „ქართული კინოს ფენომენი“ ისევ ცოცხალია.

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი – ქართული კულტურისთვის, და ზოგადად ქვეყნისთვის – მნიშვნელოვანი ფაქტი: კინოცენტრის ინიციატივით დაიწყო და დღემდე მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ფილმების რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი (აქამდე ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ ფილმების ასლები, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უვარგისი). ზოგი ფილმი მთლად ახლად იქნა აღმოჩენილი, მაგალითად, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“ და „უჟმური“, რომელთაც მას მერე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს, ერთად, ცხადყოფს ინსტიტუციის წარმატებულ მუშაობას ქართული კულტურის და მთლიანად ქვეყნის სასარგებლოდ. და ამიტომაც ისმის კითხვა: რატომ უნდა სჭირდებოდეს ამას „რეორგანიზაცია?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პატარა ქვეყნის კინოს არსებობისთვის უსათუოდ სჭირდება სახელმწიფო დოტაცია. გამოსვლის შემდეგ ფილმი ხანდახან ანაზღაურებს ამ დოტაციას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სხვა, კიდევ უფრო ძვირფასი დივიდენდები, რომლებიც მოაქვს კინოს: ის აცნობს მსოფლიოს ქვეყნის კულტურას, ისტორიას, მის თვითმყოფადობას, ხალხის ხასიათს, შემოქმედებით ენერგიას. სულ ელემენტარულად რომ ვთქვათ, ქმნის უცხოელების შემეცნებაში იქნებ მანამდე უცნობი ქვეყნის ხატს. მე ისიც კი მინახავს, როგორ უჩნდებათ ადამიანთა მთელ ჯგუფებს ჩვენი ფილმების ნახვის მერე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. და ევროსაბჭოში ჩემი ელჩობის დროს ასეთი ფრაზებიც გამიგონია რომელიმე ქართული ფილმის ნახვის მერე: ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრიო.

ეს არგუმენტები კინოსთვის სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობის დასასაბუთებლად მოვიყვანე (აქვე ვიტყვი, რომ ეს დაფინანსება ძალიან მწირია, თუნდაც სახელმწიფო თეატრების დაფინანსებასთან შედარებით და მას გაზრდა სჭირდება).

დაბოლოს, დასკვნის სახით:

კინო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი სუბიექტია. მისი არსებობის საფუძველი სახელმწიფო დაფინანსებაა. მაგრამ მას ასევე ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებლობა და თავისუფლება, – ამ ორი კომპონენტის გარეშე ხელოვნება ვერ იარსებებს, ეს აქსიომაა.

ბოლო დრომდე ეს პრიციპები დაცული იყო ეროვნულ კინოცენტრში. სტრუქტურა იყო ნათელი და გამჭვირვალე: პროფესიონალები ირჩევდნენ ხელმძღვანელს გარკვეული ვადით, მისი პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის გათვალისწინებით. ასევე გამჭვირვალედ და პროფესიონალიზმის ნიშნით დაკომპლექტებული ჟიური კონკურსის გზით აფინანსებდა გამარჯვებულ ფილმებს.

დღევანდელი ცვლილებები სწორედ ამ პრინციპების დარღვევის მიმართულებით ხდება.

მე კი ისეთი აშკარა და ელემენტარული მგონია:

შეუძლებელია კინოს მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი იყოს პირი, რომელსაც შიგნიდან არ ესმის პრობლემები და გასაჭირი ამ რთული და კომპლექსური დარგისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინდუსტრიას და შემოქმედებას და ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, ანუ ის არ იყოს კინემატოგრაფისტი!

ჩვენს საერთო შეშფოთებას აძლიერებს მაგალითები, რომლის მოწმენიც გავხდით ბოლო დროს ხელოვნების სხვა სფეროებში.

ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება. ხელოვნება მარადიული სუბსტანციაა, ხელისუფლება კი დროებითი. ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

ხელოვნების მართვის დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა იქნება ქვეყნის უკანდახევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ქართული კინოს განვითარების შეფერხება.

ამას ვერ დავუშვებთ ჩვენ, სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტები, ვისთვისაც კინო ცხოვრების ნაწილია. ყველა ერთად“, – წერს ლანა ღოღობერიძე.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.