ლანჩხუთის ახალი ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა

პუბლიკა

ხმაურის ფონზე წარიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ახალი, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სხდომას ოპოზიციამ  პროტესტი გამოუცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის მიუხედავად, ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა, რადგან საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კახა ასკურავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სპექტაკლს დგამს.

„იმ 7 მუნიციპალიტეტში, სადაც პირწმინდად წააგო „ქართულმა ოცნებამ“, უნდათ ახლა, რომ ძველ საკრებულოებს  მიაღებინონ ბიუჯეტი, რათა ბიუჯეტის არმიღებას პირდაპირ მოჰყვება საკრებულოების და მუნიციპალიტეტის ვადამდელი არჩევნები. ეს მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ და ახლა ეს ადამიანები არიან ამ პოლიტიკური სპექტაკლის მონაწილეები.

მე ბევრი ვიფიქრე, მივსულიყავი თუ არა, მაგრამ მივედი ერთადერთი რამის გამო, რისი თქმაც იქ [სხდომათა დარბაზში] არ დამცალდა: ამ პოლიტიკურ დაკვეთას შეეწირა ჩემი კოლეგა აჭარაში“, – განაცხადა კახა ასკურავამ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მეორე ვადით არჩეული მერი, ალექსანდრე სარიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვამ და დამტკიცების პროცედურამ უხარვეზოდ ჩაიარა და მისი არმიღების საფუძველი არ არსებობდა. სარიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა ფრაქციამ მონაწილეობა არ მიიღო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში და შენიშვნები არ გამოუთქვამს, რაც ბიუჯეტის პროექტის გამოხმობის საფუძველს არ ქმნის.

„ბატონი კახა ასკურავა არის ფრაქციის წევრი. ფრაქციას არც კი განუხილავს და შენიშვნაც არ მოუწერია. თუკი შენიშვნა არ ექნება მოწერილი მერიაში საკრებულოს თუნდაც რომელიმე ფრაქციას, შესაბამისად ბიუჯეტი არ ბრუნდება. ამის აუცილებლობა არ იყო, არც ამის პრობლემა ჰქონდა მუნიციპალიტეტს, დაბრუნდებოდა თუ არა ბიუჯეტი. ამ შემთხვევაში არ დაბრუნდა ბიუჯეტი და პირველივე სხდომაზე საკრებულო ამტკიცებს ბიუჯეტს, ამაში კანონდარღვევა არ არის“, – აცხადებს სარიშვილი.

ლანჩხუთის 2022 წლის ბიუჯეტი 13 434,8 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1110, 3 ათასი ლარით მეტია.

საკრებულოს ძველი შემადგენლობების მიერ ახალი ბიუჯეტის განხილვის ტენდენციას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება მოჰყვა.

ხმაური იყო რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის საკრებულოში, სადაც ახალარჩეული საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის სასწრაფოდ დანიშვნა მოითხოვეს ოპოზიციის წევრებმაც.

საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეაფასა, როგორც პრობლემური.