ლანჩხუთში, პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს” პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის” ადგილობრივი ხელმძღვანელი გია გოთუა პოლიციას განცხადებით მიმართავს. მას მიაჩნია, რომ facebook-ზე მის მიმართ მუქარის შემცველი კამპანია მიმდინარეობს და პოლიციისგან აღნიშნულის აღკვეთას მოითხოვს.
მისივე თქმით, კომენტარებს უწერენ მისი ოჯახის წევრებსაც, „დალეწვისა და დამტვრევის” შესახებ მუქარები კი ძირითადად, პარტიის ოფისს მიემართება. მან პოლიციაში facebook-სქრინები წარადგინა.
ლანჩხუთში რაიონული ოფისის განხსნა ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტებმა 14 მარტს გააპროტესტეს.
„ეს ყველაფერი მიმართულია და რეაქცია გამოიწვია „კონსერვატიული მოძრაობის” რაიონში გამოჩენამ. ლანჩხუთში მე ვიყავი ჩართული ოფისის გახსნაში, ორგანიზებას მე ვუკეთებდი. ამ ინფორმაციის შემდეგ, დაიწყეს ჩემს გვერდზე, ჩემი შვილიშვილის გვერდზე, სურათებზე, დედის გინება – „ეს გია გოთუას ოჯახია და ა.შ”. დავანგრიოთ, ისა ვქნათ… ოფისს გულისხმობენ და არის პერსონალური სახის კომენტარებიც, კბილების ჩამტვრევა და ოჯახის გინება და ა.შ.
მივაწოდე სქრინები… გავაფრთხილე პოლიცია, რომ თავი შეიკავონ; რომ ესენი არიან ამ ყველაფრის უკან, თავი შეიკავონ, თორემ, დასჯადია. შვილი მირეკავს გაგიჟებული, როგორია?! აქეთ იმის მტკიცება, რომ „აქლემი” არ ხარ და პუტინი და. მართლა პუტინისტები და ქვეყნის გამყიდველები [არიან] ეგენი”, – ამბობს გოთუა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პოლიციას რეაგირება არ ექნება და მსგავსი ფაქტები გაგრძელდება, პასუხი შეიძლება რადიკალური მეთოდებით თავად გასცეს.
„ბუნებრივია, გავაფრთხილე პოლიცია, რომ ნუღარ მიქარავენ, თორემ დედა ეტირებათ. მე არ გავუტარებ ამას, თუ არ დავინახე, რომ რაღაცა აზრზე არიან მოსული… ასეთი რაღაცები ღმერთისგან ისჯება… თუ ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თუ ამას ვერ უზრუნველყოფს, მე რა ვქნა ახლა, ველოდო ეგენი როდის მოვლენ და როდის გააკეთებენ თავის საქმეს?! ამიტომ ბუნებრივი რეაქცია მაქვს კაცის, ქართველის, მე არ ვარ შურის მაძიებელი, მაგრამ ამას, რომ პასუხი უნდა, ფაქტია და ამ პასუხს მიიღებენ. რა ფორმით იქნება, როგორი იქნება, საერთო საქმეს რომ წაადგეს, ისეთი იქნება. თუ მაგათი ხელების დამტვრევა აჯობებს საქმისთვის, დაემტვრევათ, ზოგიერთს სამაგალითოდ”, – ამბობს გოთუა.
„პუბლიკა” ასევე ესაუბრა ამირან გიგინეიშვილს, რომელიც პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. მისი ცნობით, გამოკითხვაზე კიდევ მივიდა რამდენიმე პირი. როგორც ის ამბობს, უშუალოდ მისი მხრიდან მუქარის შემცველი კომენტარები არ გაკეთებულა და მის მიერ გამოთქმული აზრი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.
„ერთი საათით ვისხედით და ყველა პოსტს ვათვალიერებდით, რაც მან გაუგზავნა პოლიციას, 50 სქრინი იყო… არსად ჩემი სახელი არ გამოიკვეთა…. არა, რა გამოძიება, საფუძველი ხომ სჭირდება ამას”, – ამბობს გიგინეიშვილი.
„პუბლიკა” ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა სახის რეაგირება მოახდინა უწყებამ გოთუას განცხადებაზე. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.