ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან დეპორტირებული 15 უკრაინელი შიმშილობს

პუბლიკა

„ეხო კავკაზას” ცნობით, ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან დეპორტურებული 15 უკრაინელი შიმშილობს.

ისინი მოითხოვენ, რომ მათთან მივიდეს უკრაინის კონსული და მათი საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან დატოვების მიზეზები აუხსნას. ასევე, ითხოვენ, მიეცეთ საქართველოს დატოვების საშუალება ან ჰქონდეთ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის საშუალება, ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და დასრულდეს მათი უკანონო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მოშიმშილეებს ქართულ მხარესთან პრეტენზიები არ აქვთ.

რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი. ისინი იძულებულები არიან, სარდაფის ტიპის სივრცეში იცხოვრონ, გარეთ გასვლის უფლების გარეშე. ეს ინფორმაცია BBC-მ 10 ივლისს გაავრცელა.

მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები.

მათ რუსეთში დაბრუნება ეკრძალებათ, თუმცა უფრო შორს წასვლის უფლებაც არ აქვთ. ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში საქართველოსა და მოლდოვის გავლით დაბრუნებაა. თუმცა, როგორც BBC წერს, ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც დაკეტილია.

19 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთი იარაღად იყენებს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას საქართველოს გავლით და რუსეთს სთავაზობს, ეს ადამიანები უკრაინის საზღვართან მიიყვანოს, ვინაიდან ბევრ დეპორტირებულ ადამიანს საბუთები წესრიგში არ აქვს და ტრანზიტულ ზონაში იჭედება.

მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი მსჯავრდადებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად ივნისიდან გაზარდა.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაციის ცენტრებში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუმცა, კანონში არსებული ხარვეზების გამო, სასამართლოებს შეუძლიათ, ეს ვადა განმეორებით განსაზღვრონ.