ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს წერილს პასუხობს

პუბლიკა

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადების საპასუხო განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, 16 იანვარს კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ელენე დარიანის კრებულის მთელი ტირაჟი სამინისტროს გადაეცეს, მათ შორის, გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარებიც.

ბაქრაძის თქმით, წიგნში გაპარული შეცდომა 2 იანვარს უკვე აღიარა და გამომცემლები აპირებდნენ, დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომის გასწორების ფურცელი დაერთოთ, მაგრამ კულტურის სამინისტროსთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ლიტერატურის მუზეუმის მწირი ბიუჯეტით ჩასწორებული ტირაჟის გამოცემა ვერ მოხერხდება, მით უმეტეს მაშინ, როცა სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებას მოითხოვს.

ბაქრაძის შეფასებით, კულტურის სამინისტროს დღევანდელმა განცხადებამ ბევრ ადამიანს საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

„ამა წლის 16 იანვარს, კვირა დღეს, კულტურის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია. ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“. მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში.

ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მითუმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო – ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია“, – წერს ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში.


დღეს კულტურის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ

სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრიდან არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ მათ ღია წერილითაც მიმართა.

სამინისტროს განცხადებით,  მოქალაქეთა აღშფოთების მიზეზი ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნია. სამინისტროს თქმით, მუზეუმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა და ელენე დარიანს მიაკუთვნა ანა კალანდაძის ორი ლექსი.

რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.