ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქველაძეებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს – გიორგი ჯალაღონიასა და გიორგი შუბითიძეს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, პატიმრობის უზრუნველყოფით.
პროკურატურის შუამდგომლობა იყო აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო – 5 000 ლარის ოდენობით.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად იძალადა დ.ქ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სა და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გ.ქ.-ს მიმართ.
29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.