ლაშხი ლომჯარიას: რატომ არ ხდება თქვენი მხრიდან ქალების პოლიტიკაში ბულინგის გვერდში დგომა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უმსმენენ. ომბუდსმენის მოხსენების შემდეგ დეპუტატები მას შეკითხვებს უსვამენ.

უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა მას ორი შეკითხვა დაუსვა, ერთ-ერთი პოლიტიკაში ქალების ბულინგს ეხებოდა. მისი თქმით, ამ კუთხით რატომ რ აქტიურობს ნინო ლომჯარია პირადად და ასევე, ომბუდსმენის ინსტიტუტიც.

„იმისათვის, რომ ქალები იყვნენ წარმომადგენილები პოლიტიკაში არა ერთი რეფორმა და ინსტრუმენტი განახორციელა ხელისუფლებამ და მუდივად არის მხარდამჭერი ინიციატივები. სამწუხაროდ, ამას თან ახლავს ბულინგიც, რომელიც არა მხოლოდ სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის, არამედ პირადად თქვენი მხარდაჭერილიც უნდა იყოს. ქალები, რომლებიც ბულინგს განიცდიან, პოლიტიკაში განსაკუთრებით. ჩემი შეკითხვაა –  რატომ არ ხდება თქვენი მხრიდან პირადად და ასევე, ინსტიტუციის მხრიდან ქალების პოლიტიკაში ბულინგის გვერდში დგომა?, “- მიმართა მან ნინო ლომჯარიას. [სტილი დაცულია]

რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხების ეტაპზე სახალხო დამცველი მარიამ ლაშხის შეკითხვასაც გამოეხმაურა.

„ნებისმიერი ქალისთვის, ვინც არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ძალიან რთულია მათთვის საქმიანიბა, რთულია, იყო საჯარო პირი, ქალი პოლიტიკოსი და ჩვენ ყველა ვხდებით თავდასხმების სამიზნე, დაწყებული სახალხო დამცველით, დამთავრებული დეპუტატებით თუ მინისტრებით და ა.შ.

რეაგირებას რაც შეეხება, ამ ტიპის ინფორმაციებს ვაგროვებთ, როცა ვაანალიზებთ თანასწორობის უფლებრივ მდგომარეობას, სპეციალურ ანგარიშებში თუ წლიურ ანგარიშებში ხვდება.

არის შემთხვევა, როცა მყისიერად, გარკვეული საქმის გარემოების შესწავლის შედეგად ვეხმაურებით ინდივიდუალურ შემთხვევებს. გააჩნია რამდენად მასშტაბურია თავდასხმა, რამდენად ორგანიზებულია, რამდენად მწვავეა. არაერთგზის მაქვს მიმართული ბატონი თავმდჯომარის მიმართ, რომ გამოიყენოს ეთიკის კოდექსით განსაზღვრული პროცედურები, როდესაც პარლამენტის წევრების მხრიდან ხდება დისკრიმინაციული გამოთქმები ქალი პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა ეს ჯერ არ გამოყენებულა და კარგია, თუ თქვენც მოითხოვთ, ამუშავდეს ეთიკის კოდექსი და უფრო ქმედითი გახდეს ეს მექანიზმი.

ასევე, თქვენგანაც ვისურვებდი, როდესაც ქალი სახალხო დამცველი ხდება ამ მიმართულებით სერიოზული თავდასხმის სამიზნე, კარგი იქნებოდა, თქვენი მხრიდანაც გაკეთებულიყო განცხადებები, თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ გთხოვთ ამას“, – განაცხადა ლომჯარიამ.