ლაშქარავას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს - კლინიკის დირექტორი

პუბლიკა

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ დაიწყო „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ისტორიის შესწავლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განუცხადა.

გიორგი რამიშვილის განცხადებით, გიორგი ლაშქარავა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც კლინიკიდან გაეწერა. მისი თქმით,  ის კლინიკიდან სრული სტანდარტის დაცვით გაეწერა.

„პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო. გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა. გაწერას რაც შეეხება სრულიად სტანდარტის მიხედვით მოხდა ყველაფერი. არაფერი უცნაური არ იყო, პირიქით, ეს არის სტანდარტი და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები. დანარჩენი ეს არის თეორიები და მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ შეიძლება მსჯელობა“, – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა.

„tv პირველის“ ოპერატორს გიორგი ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი ლაშქარავამ მიიღო ფიზიკური დაზიანება და ის 5-დან 8 რიცხვამდე საავადმყოფოში იმყოფებოდა. დღეს, 11 ივლისის დილით გიორგი ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.