ლავროვი: თბილისის ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი ხედავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით.

ლავროვმა ამის შესახებ რუსულ სახელისუფლებო მედიასთან, TASS-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ღარიბაშვილის მთავრობის სწორედ ამ დამოკიდებულების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, განახლებულიყო ორ ქვეყანას შორის ფრენა და გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი.

„როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია [რუსეთთან] ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეწვიონ ერთმანეთს, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს. რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონ ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენის განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი.

ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. ფართოვდება ფრენის რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენის გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. აქ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”. – თქვა მან. 

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართველებს რუსეთის ისტორიაში „განსაკუთრებული ადგილი უკავიათ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება „სააკაშვილის რეჟიმმა“ მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა 2023 წლის 10 მაისს. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც  „დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილებაა“.

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთში „მილიონი ეთნიკური ქართველია“ და მნიშვნელოვანია, „მათი მიმოსვლა გაადვილდეს“.

ფრენის აღდგენის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი, 2023 წლის 19 მაისს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.