ვფიქრობ, ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება - გავრილოვი

პუბლიკა

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთიდან პირაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ მან „რუსკაია გაზეტასთან“ საუბარში განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოში შორის, ელჩების გაცვლა”, – ამბობს გავრილოვი

გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ თვაშეკავებულ პოზიციას უწონებს  და ამბობს, რომ რუსებსა და ქართველებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.

„ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა”, – ამბობს სერგეი გავრილოვი.

სერგეი ​გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა.

2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა იმართებოდა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის დუმის „კომუნისტი” დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო.

19 ივნისს დილით, მან სხდომის წაყვანის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა, რა დროსაც თვალი დაკარგა რამდენიმე აქციის მონაწილემ, დაშავდნენ ჟურნალისტები და მოქალაქეები.  საპროტესტო ტალღა თითქმის ერთი თვე გაგრძელდა.