ლავროვის სიძის ძმა საქართველოში ქორწილს იხდის

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოშია სერგეი ლავროვის შვილიც, ეკატერინა ლავროვაც, თუმცა ყვარელში მის სტუმრობას უარყოფს „ყვარლის ტბა“.

სასტუმრო ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს და „ლავროვის გვარით” სტუმარი არ ფიქსირდება.

„მთავარის“ ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს კახეთში ორი სასტუმრო მასპინძლობს, უშუალოდ საქორწინო ღონისძიება, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე იმართება.

ყვარელში ქორწილს იხდის სემიონოვიჩ ვინოკუროვი, მან საკუთარ ინსტაგრამზე საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ის სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა.

საქართველოში ლავროვის ქალიშვილის ყოფნა ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.

„მთავარმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი, ტელეკომპანიის ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა და პერსონალს ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გააცნო თავი. ჟურნალისტმა პერსონალს ჰკითხა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ლავროვა სასტუმროში, რადგან მისთვის ყვავილები მიჰქონდათ. ლავროვას ყვარლის ტბის სასტუმროში ყოფნა სასტუმროს წარმომადგენელმა დაადასტურა.

ჟურნალისტებმა ლავროვას შვილის და სიძის საქართველოში შესაძლო ყოფნაზე კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, გომელაური პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო მისული. გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა.

ლავროვის შვილს 2022 წლის აპრილში აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.