ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ითხოვს, რომ მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ითხოვს, რომ მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. გია კალანდაძის თქმით, მართალია, ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ საქმეებს იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარეობს ლაზარე გრიგორიადისის საქმე, მაგრამ სურს, რომ პარლამენტს წარუდგინოს ინიციატივა შესაბამისი ცვლილებებისთვის.

„რისი თქმა შემიძლია, ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის. მე არ ვიცი, ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს…

მე ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შეიძლება. ლაზარე, როგორც მეუბნებიან, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქიდან მე მამხნევებს – ბაბუ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო…

მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები რომ მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს, რაც ლაზარეს აქვს წაყენებული, არ ეხება ნაფიცი მსაჯულები. და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდე“, – თქვა გია კალანდაძემ „TV პირველის“ ეთერში.


პარლამენტში უკვე ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, განიხილოს საქმეები, სადაც პირს ბრალად ედება წინააღმდეგობა, მუქარა, ძალადობა ან თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

პარლამენტს ამ ინიციატივით „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მიმართა.

„ეს ეხება ნაფიც მსაჯულებს და იმ ნორმას, რომელიც გამოყენებულია 7-8 მარტის აქციების დროსაც. პოლიციელთან მოქალაქის ურთიერთობა აქციაზე არის განსჯის საგანი სისხლისსამართლებრივად.

ვინაიდან, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სასამართლოს რეპუტაციასაც პრობლემა აქვს, თუნდაც ამერიკული სანქციების გამო. ჩვენი ინიციატივა არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ამ პერიოდში პოლიციასთან კონტაქტის გამო იქნებიან პასუხისმგებლობის ქვეშ, ზედმეტი მითქმა-მოთქმის თავიდან ასარიდებლად მათ ჰქონდეთ უფლება, მათი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაც მოითხოვა, რომ ცვლილება 7-8 მარტის აქციების მონაწილეებსაც შეეხოს, მაგრამ ბიურომ დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა.


მარტის აქციების შემდეგ, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული.  პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცველების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.