„საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა" - ხვიჩიას კანონპროექტი, რომელიც 7-8 მარტის აქციებზეც ვრცელდება

პუბლიკა

„გირჩის” დეპუტატს, იაგო ხვიჩიას აქვს ინიციატივა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, განიხილოს საქმეები, სადაც პირს ბრალად ედება წინააღმდეგობა, მუქარა, ძალადობა ან თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნულ მუხლებზე (სსკ-ის 353 და 353-ე პრიმა მუხლი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა არ ვრცელდება.

როგორც დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ხვიჩიამ განმარტა, საკანონმდებლო ინიციატივა ეხება ნაფიც მსაჯულებს და საპროტესტო აქციებზე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის ნორმას.

„ეს ეხება ნაფიც მსაჯულებს და იმ ნორმას, რომელიც გამოყენებული არის 7-8 მარტის აქციების დროსაც. პოლიციელთან მოქალაქის ურთიერთობა აქციაზე არის განსჯის საგანი სისხლის სამართლებრივად. ვინაიდან, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სასამართლოს რეპუტაციასაც პრობლემა აქვს, თუნდაც ამერიკული სანქციების გამო. ჩვენი ინიციატივა არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ამ პერიოდში პოლიციასთან კონტაქტის გამო იქნებიან პასუხისმგებლობის ქვეშ, ზედმეტი მითქმა-მოთქმის თავიდან ასარიდებლად მათ ჰქონდეთ უფლება, მათი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ინიციატორმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. ხვიჩიამ ამის მიზეზად განმარტა, რომ 7-8 მარტის აქციების საქმეები ახლა არის აქტუალური.

„ვინაიდან ახლა არის კონტექსტი და ჩვენ გვინდა, შევამციროთ დაძაბულობა, რომელიც შეიძლება, არსებობდეს და უბრალოდ თან უნდობლობის მოტივი არ ჰქონდეს ადამიანებს. ამისთვის ერთადერთი (გამოსავალი) არის ნაფიცი მსაჯულები“, – აღნიშნა მან.

ბიურომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა. მის განხილვას იურიდიული კომიტეტი დაიწყებს.


მარტის აქციების შემდეგ, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული.  პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.