ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი და პირი ამოიკერა

პუბლიკა

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც თითქმის ერთი თვეა პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავს, თვალები და პირი ამოიკერა. ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„ზუსტად 19 რიცხვში ჩამოვიდნენ ჩვენი ძმები, მაღაროელები. ღმერთმა გაუმარჯოთ, 2-3 წამში კარვები დადგეს. მე კიდევ 5 დღის განმავლობაში 150, 200 პოლიციელი – მაგათ მილიციელი დავარქვი, მარა უტყდებათ – მეჯაჯგურებოდა. მერე დამიჭირეს, ჯარიმაც დამაკისრეს… უბრალოდ, ხალხს უჩნდება განცდა, რატომ ხდება ისე, რომ როდესაც 20 ივნისისთვის დაანონსდა აქცია „არა რუსულ მთავრობას“, უცბად ჩვენი ძმები, სტუმრები ჩამოდიან და თავსდებიან იქ. როცა იცი, რომ აქ რაღაც დაგეგმილი მაქვს და მოდიხარ სტუმარი და მითითებ რაღაცებს, ეგრე არ მოსულა თბილისში, მეგობრებო.

ხალხი ამბობს, იქ ხალხი თვალებ- და პირამოკერილიაო. აჰა, მეც ასეთი ვარ, თვალიც მაქვს ამოკერილ და პირიც“, – ამბობს გრიგორიადისი მიმართვაში.


ბექა გრიგორიადისს უწყვეტი პროტესტი აქვს დაანონსებული. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”.

პროტესტის დროს ის 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდეც, როდესაც კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ 2 ივნისს ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მას სოციალურ ქსელში პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.