ლაზარეს ოჯახის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა რამდენიმე საათში 20 000 ლარამდე შეაგროვეს - სალომე ბარკერი

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტის სალომე ბარკერის თქმით, მოქალაქეებმა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის დასახმარებლად რამდენიმე საათში 20 000 ლარამდე შეაგროვეს. ბარკერი წერს, რომ ამ ფულით ოჯახი ადვოკატების ანაზღაურებასა და სხვა ხარჯებს დაფარავს.

„დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ საათში შეგროვდა სრული თანხა და ოდნავ მეტიც. ჯამში – 20 000-მდე ლარი! (19 175 უფრო ზუსტად) რომელსაც, რა თქმა უნდა მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს.

მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.

მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა, ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი თანხის ჩარიცხვით არ მთავრდება, ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანას „აუცილებლად ერთად ავაშენებთ, ზუსტად ასე, როგორც დღეს მოვინდომეთ“, – წერს სალომე ბარკერი.

აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად ფულს კვლავ აგროვებენ. მოქალაქეები 20:00 საათიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთანაც იკრიბებიან.

დაკავებული ლაზარეს მხარდასაჭერად გაიმართა აქცია გუშინაც პარლამენტის წინ, მას შემდეგ რაც სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლაზარე გრიგორიადისს ბოლო დღეებია სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი ჯგუფები, ორგანიზაციები, პარტიები და მოქალაქეები, მათ შორის, პიანისტი გიორგი გიგაშვილი, „თამადა“ და სხვ.


ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო“ იყო.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს.

პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.